ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის შენობაში, ძლიერი წვიმის დროს, ჩავიდა წყალი, დაიტბორა ოთახები, განადგურდა ან დაზიანდა ინვენტარი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, აცხადებს ცენტრის ხელძღვანელი თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, უკანასკნელი ასეთი შემთხვევა 4 ივლისს მოხდა.
მისივე თქმით, „ავერსი-ფარმამ“, რომელიც ცენტრის ტერიტორიასა და შენობის მესაკუთრეა 2009 წლიდან, „გამიზნულად გადახადა ჭერი ცენტრის ადმინისტრაციულ კორპუსს, რათა თანამშრომლებს თავზე აწვიმდეს“.
„თანაშრომლები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა საღამოს (არასამუშაო) საათებში“, - წერს ცერცვაძე 7 ივლისს გამოქვეყნებულ ფეისბუკ პოსტში.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება ავადმყოფებს აივ/შიდსით, მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით. ცენტრი, ასევე, პასუხისმგებელია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კოვიდ-პანდემიის პერიოდში.
2022 წელს სახელმწიფომ ცენტრს 11-სართულიანი ახალი შენობა გადასცა და რემონტიც დაიწყო.
პირობებს ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც „ავერსს“ ეკუთვნის და რომლის ქირასაც სახელმწიფო იხდის, ცერცვაძე „კაბალურსა“ და პერსონალისა და ავადმყოფების ღირსებისშემლახველს“ უწოდებს.