პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით და მოითხოვს დეტალურ ინფორმაციას 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე.
3 ივლისის სხდომაზე პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ამის შემდეგ პარლამეტმა მმართველი პარტია „ქართულმა ოცნების“ სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტი 78-ხმით დაამტკიცა.
კენჭისყრის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა „გირჩიდან“, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის დარბაზში ვეტოს დაძლევისთვის საკმარისი რაოდენობის დეპუტატები არ იყვნენ.
რაქვიაშვილის მტკიცებით, დარბაზში „ოცნების“ მხოლოდ 61 დეპუტატი იყო, ასევე, 2 „ევროპელი სოციალისტებიდან“ და 9 „ხალხის ძალიდან“.
„გამოდის, ვეტოს დაძლევას მხარი 73 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, როცა საჭირო იყო 76“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცვლილებებამდე რედაქციით, „დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის [ცესკოს წევრების] კანდიდატთა შესარჩევ კომისიას“. შერჩეულ კანდიდატებს კი პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა.
ცვლილებების შემდეგ, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლება, არჩევა კი პარლამენტის უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამი იყო, რომ ეს „ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს“.
ასევე, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს 100 ხმის ნაცვლად, 76 ხმით აირჩევენ, რაც პრეზიდენტის აზრით, „აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს“.