Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა ლიმანი დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები


საილუსტრაციო ფოტო. ომის შედეგად დანგრეული სახლი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში
საილუსტრაციო ფოტო. ომის შედეგად დანგრეული სახლი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის დაბომბვის შედეგად. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, ქალაქის კერძო სექტორზე იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიდან მიიტანეს.

უკრაინელმა მოხელემ ტელეგრამის არხში ამ იერიშის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზუსტებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად ლიმანში ოთხი ქალი და ორი მამაკაცი დაიღუპა.

რუსეთის მხარეს ლიმანის დაბომბვის შესახებ ცნობა არ გაუვრცელებია.

დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი უკრაინის არმიამ 2022 წლის 1 ოქტომბერს გაათავისუფლა რუსეთის ოკუპაციისგან. ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები.

2022 წლის 4 ოქტომბერს, ლიმანში გაიმართა უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია. მაგრამ რუსეთი მას შემდეგ განაგრძობს ლიმანისა და მის გარშემო არსებული დასახლებული პუნქტების დაბომბვას.

XS
SM
MD
LG