უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთში იქნება რევოლუცია, რომელსაც მხარს ბევრი დაუჭერს. ამერიკულ ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის ხელისუფლების სისუსტე გამოავლინა. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, პუტინს ქვეყნის შიგნით სამხედრო ძალა არ გააჩნია და სამოქალაქო მოსახლეობა დაუცველია.
ზელენსკი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ პრიგოჟინი, რომელიც პოლიტიკურ ფიგურად იქცა, რუსეთში მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდა, თუმცა, რატომ გაჩერდა, ეს დანამდვილებით არ იცის.
„არის სიგნალი, რომ რუსეთში შესაძლოა, მოხდეს კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთში ბევრი ადამიანია, ვინც შესაძლოა, ამ ამბოხებას მხარი დაუჭიროს.
ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხება დაახლოებით 24 საათს გაგრძელდა მას შემდეგ, რაც 23 ივნისს დაჯგუფების დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
„ვაგნერელებმა“ დაიკავეს ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქი, თუმცა, 24 ივნისს, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მოსკოვში აღარ შევლენ. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა შეიარაღებული ამბოხების მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე.