რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - წერია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ "საქართველოს ექვსი მოქალაქე გააძევეს". ცხინვალში აღნიშნავენ, რომ ამ პირებმა ნასვამ მდგომარეობაში "განზრახ გადაკვეთეს" დე ფაქტო საზღვარი.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები 7 ივლისს დააკავეს, ისინი ჯერ ოკუპირებული ღრომის საოკუპაციო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი - ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
სოფელი მეჯვირსხევი ესაზღვრება ოკუპირებულ სოფელ ღრომს, სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განთავსებული. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მეჯვრისხევის მცხოვრებლები სოფლის განაპირას ქეიფის დროს დააკავეს. საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების ფაქტს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტიც ეხმაურება. დე ფაქტო "კაგებეს" ცნობით, ახალგაზრდები, რომლებიც არიან სოფელ მეჯვრისხევიდან და ახრისიდან, დააკავეს სოფელ ღრომის ტერიტორიაზე, სადაც მათივე ცნობით, ე.წ. საზღვარი ქეიფის შემდეგ გადაკვეთეს. დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებული რეგიონიდან მათი გაძევების შესახებ იუწყება.