Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 არხის ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით საგარეჯოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს


6 ივლისი. საგარეჯო
6 ივლისი. საგარეჯო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დააკავეს ადამიანი, რომელმაც 6 ივლისს იძალადა სამი ტელეარხის თანამშრომლებზე, როცა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 06 ივლისს, ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი სულხან ჭკადუა ქ. საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება", - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა მამუკა შაქარაშვილი. ის საგარეჯოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

რადიო თავისუფლება საგარეჯოს მერიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, მერიას დაქვემდებარებული სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, სამუშაო საათების დროს რატომ იმყოფებოდა აქციაზე. ამ თემაზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

6 ივლისს საგარეჯოში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პირები, რომლებიც თავს „დავით გარეჯის მცველებს“ უწოდებდნენ.

ისინი ჟურნალისტების და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მისამართით ისროდნენ ქვებსა და წყლით სავსე მინის ბოთლებს. ისინი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ტელეოპერატორების მიმართ და მათგან გადაღების შეწყვეტას მოითხოვდნენ.

ინციდენტის დროს ქვები მოხვდათ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ კახეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ია გულიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორს, სულხან ჭკადუას. „ფორმულის” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ქვები ესროლეს ამავე არხის ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძესაც. დაზიანდა ტელეკომპანიების, "მთავარი არხის", „რუსთავი 2-ისა" და „ფორმულის“ ტექნიკა.

საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გარი ბუხნიკაშვილის განცხადებით, დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრებიც საკრებულოდან.

ამ ფაქტის შემდეგ, საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით (154-ე მუხლის მეორე ნაწილი).

XS
SM
MD
LG