სამხრეთ კორეაში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყრების გამო ათი ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. 17 ივლისისთვის დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია.
Reuters-ის თანახმად, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ ელმა ხელისუფლებას ბრალად დასდო სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის წესების დარღვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამავე ცნობით, ბევრი დაღუპული ნახეს დატბორილ მიწისქვეშა გადასასვლელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ცხრა პირია დაკარგული და 34 - დაშავებული.
ძლიერი წვიმა გასული კვირის შემდეგ გრძელდება და როგორც მეტეოროლოგები ვარაუდობენ, უხვი ნალექი დღესაც მოსალოდნელია ქვეყნის დიდ ტერიტორიაზე. წლის ეს პერიოდი სამხრეთ კორეაში ზაფხულის წვიმებით ხასიათდება, რასაც მოჰყვება ხოლმე წყალდიდობები.
ქვეყნის არაერთ რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
გაურკვეველია ვითარება მეზობელ ჩრდილოეთ კორეაში. ბოლო კვირებში სახელმწიფო მედია იტყობინებოდა გადაუღებელი წვიმების და მოსავლის გადარჩენის ზომების შესახებ. ჩრდილოეთ კორეას სურსათის დეფიციტი აქვს.
სამხრეთ კორეის „სამხრეთის გაერთიანების სამინისტროს“ ბრიფინგზე ითქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობას მიმართეს თხოვნით, შეატყობინოს სეულს ჰუანგანის კაშხლიდან წყლის შესაძლო გაშვების გეგმის შესახებ. 2009 წელს, როცა ჩრდილოეთ კორეამ წყალი გაუშვა თავის ტერიტორიაზე არსებული კაშხლიდან, სამხრეთში, მდინარის ქვემო წელში მოხდა წყალდიდობა, რასაც სამი სამხრეთ კორეელი ემსხვერპლა.