Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში „ბარბაროსული“ უწოდეს მოსკოვის მახლობლად მეჩეთში სამართალდამცველთა რეიდს


რამზან კადიროვი და მანსურ სოლტაევი, ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებული
რამზან კადიროვი და მანსურ სოლტაევი, ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებული

მოსკოვის მახლობლად, ძერჟინსკის რაიონში მდებარე მეჩეთში, შეიარაღებული პოლიციელების გამოჩენა „პირველ რიგში, რუსეთის სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაციას წარმოადგენს", - განაცხადა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა მანსურ სოლტაევმა, რომელმაც მეჩეთში უსაფრთხოების ძალების მისვლას "ბარბაროსული რეიდი" უწოდა.

ჩეჩენი ჩინოვნიკი აღშფოთებული იყო იმით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მისივე თქმით, ფეხსაცმლით დადიოდნენ ხალიჩებზე, არ აძლევდნენ მორწმუნეებს ლოცვის დასრულების საშუალებას და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

შეიარაღებული პოლიცია ძერჟინსკის რაიონში მდებარე მეჩეთში 14 ივლისს მივიდა. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი მორწმუნეებს იატაკზე აწვენენ, უმოწმებენ დოკუმენტებს და ზოგიერთ მათგანს აკავებენ. ეს მოხდა ლოცვის დროს, რამაც გამოიწვია კონფლიქტი უსაფრთხოების ძალებსა და მორწმუნეებს შორის.

სოლტაევმა უსაფრთხოების ძალების ქმედებებს "კრიმინალური" უწოდა და პოლიციელები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას შიდა აუდიტის ჩატარებისკენ მოუწოდა და ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომხდარზე რეაგირებას მოახდენენ რუსეთის გენერალური პროკურატურა და რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარი ტატიანა მოსკალიოვა.

ეს უკანასკნელი ჯერ არ გამოხმაურებია სოლტაევის გასულ კვირაში გავრცელებულ მიმართვას.

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა მეჩეთში ინსპექტირებას "პროვოკაცია" უწოდა და თქვა, რომ საკითხის შესწავლა დაავალა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს, მის ნდობით აღჭურვილ პირს, ადამ დელიმხანოვს. დელიმხანოვმა მეჩეთში ჩატარებული რეიდის მონაწილე პოლიციელებს "ნაძირალები" და "პროვოკატორები" უწოდა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ "დამნაშავეებმა დამსახურებული სასჯელი მიიღონ“.

"ეხო კავკაზას" ცნობით, ძერჟინსკის რაიონში მდებარე მეჩეთის შემოწმებამდე ერთი კვირით ადრე, 7 ივლისს, შეიარაღებული პოლიციელები პარასკევის ლოცვების დროს მოსკოვის მახლობლად მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მივიდნენ. მალევე მორწმუნეებმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელზე ვიდეომიმართვა ჩაწერეს, თავიანთი დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დასჯის მოთხოვნით.

ამ მოთხოვნას კრემლის მხრიდან საჯარო რეაქცია არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG