უკრაინის მხარეზე მებრძოლი განსაკუთრებული დანიშნულების ჩეჩნური ბატალიონის მებრძოლებმა დივერსიული ოპერაცია ჩაატარეს ბელგოროდის ოლქში. ამის შესახებ აღნიშნულ ქვედანაყოფთან დაახლოებულმა წყაროებმა საიტ „კავკაზ.რეალიის“ აცნობეს.
მანამდე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ამ ოპერაციის ამსახველი ვიდეო, რომელზეც ჩეჩნურ ენაზე მოსაუბრე შეიარაღებული სამხედროები ცეცხლს უშენენ გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავ "Z"-სიმბოლოიან სატირთო ავტომობილს. ინტენსიური ცეცხლის შემდეგ, მანქანა გზიდან გადადის და ჩერდება, მაგრამ სროლა ამის შემდეგაც გრძელდება. ეს ვიდეო 17 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა.
"ჩეჩენი ჯარისკაცები აგრძელებენ ბრძოლას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, იცავენ უკრაინელ და ჩეჩენ ხალხებს", - ნათქვამია უწყების ცნობაში, რომელშიც არ არის ზუსტად მითითებული, თუ როდის, სად, რა მიზნით და რომელმა დანაყოფმა მოახდინა ეს ჩასაფრება.
„კავკაზ.რეალიის“ წყაროს თანახმად, ეს დივერსიული აქტი "ორი ან სამი დღის წინ" დაახლოებით ბელგოროდის ოლქის იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მდებარეობს სოფლები ნიკოლსკოე, იასნიე ზორი, ნეჩაევკა და ზიბოროვკა.
- რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეზე ჩეჩენთა რამდენიმე მოხალისე ბატალიონი იბრძვის, ზოგიერთი ქვედანაყოფი ოფიციალურად შედის უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში.