რუსეთმა ბოლო სამ დღეში მესამე მასირებული იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, ოდესასა და ნიკოლაევზე. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები.
ნიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ცნობით, წუხანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქის ცენტრში დაზიანებულია 5 მრავალსართულიანი სახლი. დაიჭრა სულ მცირე 9 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა ქალაქ ოდესის ცენტრში. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 2 ადამიანი.
რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე, ძირითადად, ოდესასა და ნიკოლაევზე მასირებული შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი.
უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 18 და 19 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის პორტზე, მათ შორის ხორბლის ტერმინალზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ოდესაში სამხედრო ობიექტებს უტევენ.
19 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „რუსი ტერორისტები" შეგნებულად უტევენ „მარცვლეულის შეთანხმების" ინფრასტრუქტურას და თითოეული რაკეტა არის დარტყმა არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ყველაზე მსოფლიოში, ვისაც ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრება სურს.