Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ დაითხოვა ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, რომელმაც პრეზიდენტი „არაჯანსაღი სარკაზმისთვის“ გააკრიტიკა


ვადიმ პრისტაიკო
ვადიმ პრისტაიკო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან დაითხოვა ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო, რომელმაც ცოტა ხნის წინ "არაჯანსაღი სარკაზმი" უწოდა უკრაინის პრეზიდენტის მიერ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მისამართით ნათქვამ სიტყვებს.

"ჩვენ შეგვიძლია ყოველ დილას გაღვიძების შემდეგ პირადად გადავუხადოთ მინისტრს მადლობა", - განაცხადა ზელენსკიმ ნატოს ვილნიუსის სამიტზე.

მანამდე ნატოს სამიტის კულისებში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ახალ-ახალი ტიპის იარაღის მიწოდების თაობაზე მუდმივი პრეტენზიების ნაცვლად, სჯობს, სამხედრო დახმარებისათვის უფრო მეტი მადლიერება გამოხატოს პარტნიორების მიმართ.

ვადიმ პრისტაიკომ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს "არაჯანსაღი სარკაზმი" უწოდა. თუმცა შემდეგ ეს გამონათქვამი შეარბილა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში სარკაზმი საჭირო არ არისო.

„ევროპეისკაია პრავდის“ ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, პრისტაიკო ერთბაშად ორი თანამდებიდან დაითხოვეს: როგორც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში და ასევე როგორც უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი (შეთავსებით) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვადიმ პრისტაიკო დიდ ბრიტანეთში ელჩად 2020 წლის 29 ივლისს დანიშნა. მანამდე პრისტაიკო უკრაინის მთავრობაში მუშაობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად.

XS
SM
MD
LG