Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: რუსეთის არმიის მიერ დაბომბვის შედეგად უკრაინაში ორი ბავშვი და ორი ქალი დაიღუპა


უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელი დრუჟბა რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის დაშენის შემდეგ. 21 ივლისი. 2023 წელი
უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელი დრუჟბა რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის დაშენის შემდეგ. 21 ივლისი. 2023 წელი

ორი ბავშვი და ორი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა უკრაინაში, რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის დაშენის შედეგად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა მოსახლეობისადმი თავის ყოველდღიურ მიმართვაში.

დონეცკის ოლქის სოფელ დრუჟბაში, ჭურვი ეზოში ჩამოვარდა, სადაც 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა იმყოფებოდნენ. ბავშვებმა სასიკვდილო დაზიანებები მიიღეს. ასევე დაიჭრა ხანდაზმული ქალი იმავე ოჯახიდან. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩერნიგოვის რაიონის სოფელ გონჩაროვსკოეში, ჭურვებმა ორი ქალი იმსხვერპლა. იქ დაზიანებულია კულტურის სახლი, სკოლა და საცხოვრებელი სახლები. მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა.

ამას გარდა, რუსეთის ჯარმა კვლავ დაბომბა ოდესა და შემოგარენი. 17 ივლისს უკრაინის სამხრეთის მასობრივი დაბომბვების დაწყებიდან, იქ მთლიანობაში 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაშავდა, მათ შორის - ორი ბავშვი.

რუსული არმია უკრაინას ყოველდღიურად უშენს ცეცხლს. ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები გაძლიერდა 17 ივლისის შემდეგ, როცა რუსეთმა განაცხადა თავისი გასვლის შესახებ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან, რომლის თანახმად, მოსკოვი უსაფრთხო დერეფანს უზრუნველყოფდა უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტისთვის შავი ზღვის ნავსადგურებიდან.

• მხოლოდ ჩერნომორსკის ნავსადგურში, უკრაინული მედიის ცნობით, განადგურდა 60 ათას ტონამდე მარცვლეული, რომელიც მზად იყო გადასაზიდად.

• რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 20 ივლისიდან შავ ზღვაში უკრაინის ნავსადგურებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო დანიშნულების ტვირთვის პოტენციურ გადამზიდად.

• შესაბამისად, ასეთი გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩაითვლება "უკრაინის კონფლიქტში ჩართულებად" კიევის მხარეზე, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

• რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ის უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ახორციელებს ზუსტ დარტყმებს. მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე თავდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG