Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ და სტოლტენბერგმა განიხილეს მარცვლეულის დერეფნის განბლოკვის საკითხი


იენს სტოლტენბერგი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაზე კიევში. 2023 წლის 20 აპრილი
იენს სტოლტენბერგი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაზე კიევში. 2023 წლის 20 აპრილი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნატოს ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა განიხილეს შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის განბლოკვის საკითხი. მოსკოვი "მარცვლეულის შეთანხმებიდან" 17 ივლისს გავიდა.

„გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები შავ ზღვაში არსებული ვითარებისა და იმ რისკების შესახებ, რომელთა წინაშეც დგას გლობალური სასურსათო უსაფრთხოება“, - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გავიდა, მოსკოვი შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს განიხილავს სამხედრო ტვირთების პოტენციურ მატარებლად.

პასუხად უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 21 ივლისიდან ყველა გემი, რომელიც შავ ზღვაში დაცურავს რუსეთის პორტებისა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე უკრაინის პორტების მიმართულებით, კიევმა შეიძლება მიიჩნიოს სამხედრო ტვირთის გადამზიდავად.

ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის ოლქზე, სადაც მისი სამიზნე იყო რეგიონის საზღვაო პორტები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები. კრემლში აცხადებენ, რომ ოდესაზე იერიში ყირიმის ხიდზე თავდასხმის პასუხია და არ უკავშირდება მარცვლეულის გარიგებას.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო რუსეთის თავდასხმები ოდესის პორტებსა და სანაპიროზე მდებარე სხვა დასახლებულ პუნქტებზე.

მარცვლეულის ინიციატივამ უზრუნველყო ოდესის პორტებიდან მსოფლიო ბაზარზე 33 მილიონ ტონაზე მეტი აგროპროდუქციის მიწოდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი ხელშეკრულებიდან გავიდა, სასაქონლო ბირჟებზე მარცვლეულის ფასი გაიზარდა.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გაერომ მოუწოდეს რუსეთს, დაბრუნდეს "მარცვლეულის შეთანხმებაში". თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელიც შუამავლობდა შეთანხმებას ერთი წლის წინ, იმედი გამოთქვა, რომ შავი ზღვის ინიციატივა განაახლებს მუშაობას რუსეთის პრეზიდენტთან მისი შეხვედრის შემდეგ. ერდოანის თქმით, ვლადიმირ პუტინი თურქეთს აგვისტოში ეწვევა. კრემლს შეხვედრის თარიღი არ დაუსახელებია.

XS
SM
MD
LG