Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ჯარისკაცები სასამართლოების გზით ცდილობენ ომში მიღებული ტრავმებისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიღებას


რუსეთში კონტრაქტის საფუძველზე დაქირავებული ჯარისკაცები ვერ იღებენ საბრძოლო ჭრილობებისთვის დაწესებულ "პუტინის 3 მილიონს"
რუსეთში კონტრაქტის საფუძველზე დაქირავებული ჯარისკაცები ვერ იღებენ საბრძოლო ჭრილობებისთვის დაწესებულ "პუტინის 3 მილიონს"

უკრაინის ომში მიღებულ ტრავმებზე ცნობებისთვის დაღესტნიდან და არხანგელსკის ოლქიდან გაწვეული ჯარისკაცები იძულებული გახდნენ სარჩელებით მიემართათ სასამართლოებისთვის.

დაღესტნელი ჰუსეინ მაგომედოვი ომში მიღებული ტრავმების გამო 3 თვე იწვა ჰოსპიტალში, მაგრამ მას უარი უთხრეს ე.წ. პუტინის 3 მილიონი რუბლის გადახდაზე (კომპენსაცია, რომელიც დაჭრილი ჯარისკაცებისთვის არის განკუთვნილი.რედ.). ჯარისკაცმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, რათა სამხედრო ნაწილი, რომელშიც მსახურობდა, დაევალდებულებინა ჩაეტარებინა მოკვლევა ფრონტზე მისი დაჭრის ფაქტზე.

პასუხად სამხედრო ნაწილმა მოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაცია და ჭრილობის შესახებ თვითმხილველთა მოწმობა. სამხედრო ნაწილის წარმომადგენლებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ დოკუმენტაცია მაგომედოვს ფოსტით გაუგზავნეს, მაგრამ მოსარჩელეს იგი არ მიუღია. თვითმხილველთა ვინაობა კი ჯარისკაცმა ვერ გაიხსენა. სასამართლომ ყოფილი ჯარისკაცის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მეორე ჯარისკაცმა, ასტრახანელმა არტიომ კონოპატოვმა, 2022 წლის 17 მაისს მიიღო ტრავმა, როდესაც მის გვერდით ჭურვი აფეთქდა.
კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცი ოკუპირებული ლუგანსკის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, იქიდან კი - როსტოვის კლინიკურ სამხედრო ჰოსპიტალში. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ტრავმები კონოპატოვს არ მიუღია და შესაბამისად, ცნობასაც ვერ გასცემენ. მოსარჩელემ ასტრახანის საგარნიზონო და სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო სასამართლოსაც მიმართა, მაგრამ მათგანაც უარი მიიღო.

მარტის ბოლოს როსტოვის ჰოსპიტალთან დაკავშირებულ პრობლემებზე სამხედროებზე დაყრდნობით წერდა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“. წყაროების ცნობით, აღნიშნულ ჰოსპიტალში კონტუზირებულ და მრავლობითი შინაგანი დაზიანების მქონე ჯარისკაცებს ხშირად უსვამენ დიაგნოზს - „სტრესზე მწვავე რეაქცია“.

ერთ-ერთ დაჭრილ სამხედროს კი ჰოსპიტალში უცნობი 300 ათასი რუბლის, ანუ განკუთვნილი ფულადი ანაზღაურების 10%-ის საფასურად დაჰპირდნენ სწორი დიაგნოზის „ორგანიზებას“.

  • საიტ „კავკაზ.რეალიის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები ასევე ადასტურებენ, რომ ვიზუალურად კონტუზიის შედეგს ვერ განსაზღვრავ, ხოლო დაჭრილთა დიდი რაოდენობის გამო ჰოსპიტლებში ვერ ხერხდება კონტუზირებულთა სრულფასოვანი გამოკვლევა.
  • სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა მაქსიმ ივანოვმა („ერთიანი რუსეთი“) თავის ტელეგრამის არხზე დაწერა იმ რამდენიმე საჩივრის შესახებ, რომლებიც მიიღო უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილეებისგან. ისინი ჩიოდნენ, რომ როსტოვის 1602-ე სამხედრო ჰოსპიტალი, სავარაუდოდ, "კარგავს" დაზიანების შესახებ ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, ომში მონაწილეს შეუძლია დაპირებული 3 მილიონი რუბლის მიღება.
XS
SM
MD
LG