Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის თანამოაზრეები გამართავენ აქციას "პუტინი მკვლელია"


ნავალნის მხარდამჭერი აქცია ნიჟნი-ნოვგოროდში. 2021 წლის 21 აპრილი
ნავალნის მხარდამჭერი აქცია ნიჟნი-ნოვგოროდში. 2021 წლის 21 აპრილი

20 აგვისტოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის მესამე წლისთავზე, მისი თანამოაზრეები აპირებენ გამართონ აქცია სახელწოდებით "პუტინი მკვლელია."

"შიში, ძალადობა, მკვლელობა – 20 წელზე მეტია ამას ეფუძნება პუტინის ძალაუფლება. პირველი მსხვერპლი იყო ის, ვინც მას წინააღმდეგობა გაუწია რუსეთში, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლისთვის იბრძოდა. ახლა პუტინმა 21-ე საუკუნის საშინელი და ყველაზე უაზრო ომი წამოიწყო მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელშიც ყოველდღიურად ასობით და ათასობით ადამიანი იღუპება", - ნათქვამია ნავალნის გუნდის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მიმართვაში.

ოპოზიციონერის თანამოაზრეები მოუწოდებენ მათ, ვინც "უსაფრთხო ქვეყნებში" ცხოვრობს, რომ 20 აგვისტოს აქციებში მიიღონ მონაწილეობა. "ნავალნის გუნდი" ითხოვს მათგან ვიდეოზე ჩაწერონ ერთი ფრაზა, Putin is a Killer, და პროკლამაციები და პროპაგანდისტული მასალები გაავრცელონ სოციალურ ქსელებში.

ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში 2021 წლის თებერვლის შემდეგ იმყოფება. მაშინ სასამართლომ, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მოთხოვნით, "ივ როშეს" საქმეზე მისი პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა. ეს მოხდა ნავალნის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის მკურნალობდა რუსეთში "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ.

2022 წლის ივნისში, ნავალნი პოკროვის ზოგადი რეჟიმის კოლონიიდან მელეხოვოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. ამ სისხლისსამართლებრივ დევნას თავად ნავალნი, რუსი უფლებადამცველები და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ.

სადამსჯელო საკანი პატიმრობის განსაკუთრებით მკაცრი პირობებით გამოირჩევა. ნავალნი მას აღწერდა, როგორც ორი - სამ მეტრზე ზომის საკანს, სადაც რკინის უზურგო სკამზე უხდებოდა ჯდომა. ის ასევე ჰყვებოდა, რომ სადამსჯელო საკანში არის მხოლოდ ადუღებული წყალი და ერთი წიგნი, განსხვავებით ჩვეულებრივი საკნისგან, სადაც არის "ყავა და ორი წიგნი".

XS
SM
MD
LG