Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფას კონფერენსლიგაზე საქართველოს სამივე კლუბი დამარცხდა


გორის „დილა“ უკრაინის „ვორსკლას“ პოლონეთის ქალაქ ტიხში ესტუმრა.
გორის „დილა“ უკრაინის „ვორსკლას“ პოლონეთის ქალაქ ტიხში ესტუმრა.

საქართველოს საფეხბურთო კლუბებმა უეფას კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად გახსნეს. გორის „დილა“, ქუთაისის „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“ ორმატჩიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში დამარცხდნენ.

„დილა“ უკრაინის „ვორსკლას“ პოლონეთის ქალაქ ტიხში ესტუმრა და სამოცდამეცამეტე წუთამდე უგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში ორი გოლი გაუშვა და 1:2 წააგო. უკრაინელებმა საბოლოო შედეგი მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე დააფიქსირეს.

„დინამო თბილისიც“ ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა სტუმრად, მალტის „ჰამრუნ სპარტანსთან“ და ამ შემთხვევაშიც, მასპინძლებმა მეორე გოლი შეხვედრის მიწურულს - ოთხმოცდამეთვრამეტე წუთზე - გაიტანეს.

„ტორპედომ“ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლა ყაზახეთის „აქტობეს“, რომელიც საქართველოში თამაშის დღეს ჩამოფრინდა, მაგრამ მეტოქის ამ დისკომფორტით ვერ ისარგებლა და სამბურთიანი სხვაობით წააგო - 1:4.

ყაზახეთის კლუბს ქუთაისში გამოფრენის წინ პრობლემები შეექმნა, რადგან მისი შემოსვლა ქვეყანაში სანქცირებული რუსული ავიაკომპანიის (UVT AERO) ბორტით იგეგმებოდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოგვიანებით განმარტეს, რომ ამ მიზეზით უთხრეს უარი ეკიპაჟს აეროპორტში მიღებაზე. სააგენტოს განცხადების თანახმად, ახალი განაცხადით, რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანია SCAT Airlines-მა.

კონფერენსლიგის მეორე ეტაპის საპასუხო თამაშები 3 აგვისტოს გაიმართება. „დილა“ და „დინამო თბილისი“ საქართველოში შეეცდებიან ორრაუნდიან ბრძოლაში სასურველი უპირატესობის მიღებას, „ტორპედო“ კი „აქტობეს“ ყაზახეთში დაუპირისპირდება.

XS
SM
MD
LG