Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში განაცხადეს, რომ მოგერიებულია დრონით შეტევის მცდელობა


საილუსტრაციო ფოტო. 24 ივლისს მოსკოვზე დრონებით შეტევის შედეგად განადგურდა ბიზნესცენტრის ზედა სართულები
საილუსტრაციო ფოტო. 24 ივლისს მოსკოვზე დრონებით შეტევის შედეგად განადგურდა ბიზნესცენტრის ზედა სართულები

დღეს დილით, ჯერ მოსკოვის მერმა, შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ მოგერიებულია დრონით შეტევის მცდელობა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ „ღამით იყო მტრის უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის მცდელობა“, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა დრონი ჩამოაგდეს და ნგრევა და მსხვერპლი არ არის. სობიანინს კონკრეტული რაიონი არ დაუსახელებია.

მოგვიანებით, კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა გაავრცელეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია, რომ „დღეს დილით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ობიექტებზე მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე“.

თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აპარატი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს, არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა. სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით გადამოწმებული არ არის.

მაისის დასაწყისიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.

  • 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოყრისა და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.
  • 30 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვზე იყო შეტევა 8 უპილოტო საფრენი აპარატით. მერიის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები და სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.
  • 21 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთილია" მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტერორისტული შეტევის“ მცდელობა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად, სამივე დრონმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
  • 4 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „აღკვეთილად" გამოაცხადა „კიევის რეჟიმის მცდელობა, 5 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა შეტევა ობიექტებზე მოსკოვის ოლქსა და ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე“. მათ შორის იყო მოსკოვის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტი.
  • 24 ივლისს დრონებით თავდასხმა იყო მოსკოვის ცენტრში, მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მახლობლად. დაზიანდა ბიზნესცენტრი და კიდევ რამდენიმე შენობა.

უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს მოსკოვზე დრონებით შეტევასთან კავშირს.

XS
SM
MD
LG