Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში კომპანია Ommic-ის მენეჯერები დააპატიმრეს რუსეთისა და ჩინეთისთვის საიდუმლო ტექნოლოგიების გადაცემისთვის


კომპანია Ommic-ი მიკროსქემებს აწარმოებს
კომპანია Ommic-ი მიკროსქემებს აწარმოებს

საფრანგეთის ხელისუფლებამ ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავა Ommic-ის რამდენიმე მენეჯერი, რომლებმაც კომპანიის მიერ გამოშვებული და სამხედრო წარმოებისთვის განკუთვნილი საიდუმლო ტექნოლოგიები ჩინეთსა და რუსეთს გადასცეს. ამის შესახებ გაზეთი Le Parisien-ი იუწყება.

დაკავებულთა შორის, როგორც გამოცემა განმარტავს, არიან საფრანგეთის ორი მოქალაქე და ასევე ორი ჩინელი, რომლებიც კომპანიის მენეჯმენტში შედიოდნენ. ამასთან, კომპანიის მფლობელ ჩინელ ბიზნესმენს სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა ჩამოერთვას თავისი წილი Ommic-ში, რათა კომპანია საფრანგეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ გადავიდეს.

გამოძიების თანახმად, 2018 წელს ჩინელმა ბიზნესმენმა Ommic-ის აქციების 94% შეიძინა საფრანგეთში შექმნილი საინვესტიციო ფონდის მეშვეობით და შემდგომში გახდა კომპანიის პრეზიდენტი. ახალმა მფლობელმა ორი ფრანგი მოქალაქე და თავისი ძმისშვილი შეიყვანა კომპანიის მმართველ ორგანოებში. როგორც გამოცემა „ლა პარიზიენი“ აღნიშნავს საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით, კომპანიის ჩინელმა მესაკუთრემ "თავისი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაამყარა კავშირები“ და ცდილობდა კომპანიის მიერ გამოშვებული „თანამედროვე ტექნოლოგიების ჩინეთისთვის გადაცემას".

გამოცემის თანახმად, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა შეიმუშავა „შემოვლითი სქემა“ ჩინეთისა და რუსეთისთვის მიკროსქემებისა და საიდუმლო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად.

კერძოდ, კომპანიის ხელმძღვანელმა ჩინეთის, ლიეტუვის, ინდოეთისა და თურქეთის გავლით რუსეთისთვის მიკროსქემების მიწოდების მარშრუტი ააწყო.

გამოძიების თანახმად, მიკროსქემები და ტექნოლოგიური ინფორმაცია ხვდებოდა რუსეთის სახელმწიფო კომპანიის ხელში, რომელიც იარაღს აწარმოებს.

Ommic-ი არის კომპიუტერული მიკროსქემების მწარმოებელი წამყვანი ფრანგული კომპანია. მის მიერ გამოშვებული მიკროსქემები 5G-ის მოწყობილობაში, თანამგზავრებში, ასევე ტანკების რადარებში, გამანადგურებლებსა და სარაკეტო მართვის სისტემებში გამოიყენება.

XS
SM
MD
LG