Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: საუდის არაბეთი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს აგვისტოში


მოლაპარაკებების ადგილად დასახელდა საპორტო ქალაქი ჯიდა
მოლაპარაკებების ადგილად დასახელდა საპორტო ქალაქი ჯიდა

The Wall Street Journal-ი ავრცელებს ინფორმაციას 5 და 6 აგვისტოს უკრაინის თემაზე მოსალოდნელ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელშიც ჩართული იქნება ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მასში რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს.

მოლაპარაკებები, რომლის შესახებაც ინფორმაციას ჯერ არცერთი ქვეყანა ოფიციალურად არ ადასტურებს, სავარაუდოდ, გაიმართება საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში და მასში 30-მდე ქვეყანა მიღებს მონაწილეობას.

დადასტურებულია მოლაპარაკებებში დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკისა და პოლონეთის ჩართულობა. მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთში მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.

ამ ეტაპზე არც ისაა ცნობილი, მიწვეული ქვეყნებიდან რამდენი მიიღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას. მიწვეული ქვეყნების სია აერთიანებს იმავე სახელმწიფოებს, რომლებიც ივნისის თვეში იყვნენ ჩართული დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ მსგავს შეხვედრაში. ამ შეხვედრის შესახებ ბევრი დეტალი ცნობილი არ არის - დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობებით ვიცით მხოლოდ ის, რომ ინიციატივა უკრაინის მხრიდან მოდიოდა და მასში მონაწილეობდნენ რუსეთთან მტკიცე ეკონომიკური კავშირების მქონე ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთი აფრიკა.

მოსალოდნელი საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც არ გამორიცხავს უკრაინასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას. ამის შესახებ მან სანქტ-პეტერბურგში აფრიკის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პუტინის განმარტებით, მშვიდობის დამყარების საფუძველი შესაძლოა, გახდეს აფრიკული და ჩინური ინიციატივები. ასევე პუტინის მტკიცებით, რთულია ცეცხლის შეწყვეტა მაშინ, როდესაც უკრაინის არმია რუსეთის ძალებს უტევს.

აქამდე უკრაინა და რუსეთი განმარტავდნენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან გარკვეული წინაპირობების გარეშე არ დასხდებიან. კიევი ამბობს, რომ ქვეყანა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს, მოსკოვი კი მიიჩნევს, რომ უკრაინამ "ახალი ტერიტორიული რეალობა" უნდა მიიღოს.

XS
SM
MD
LG