დღეს დილით, პოლიციამ აქციის 1 მონაწილე დააკავა ბათუმის ნავსადგურთან, სადაც საკრუიზო გემით რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლას აპროტესტებენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილე მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირზე გადახტომა სცადა.
გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. დილის 9 საათის მდგომარეობით, გემიდან ხმელეთზე არავინ ჩამოსულა.
საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შემოსვლამდე, წუხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავსადგურში პოლიციამ ჯებირები აღმართა. წინასწარი მონაცემებით, გასულ ღამით აქციის 5 მონაწილე დააკავეს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შემოვიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.