მსხვილი რუსი ბიზნესმენების კუთვნილი რიგი კომპანიები ხელფასებს უხდიან მოხალისეებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში წევრიანდებიან უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის" გამოძიებაშია ნათქვამი.
მათ შორის, ვინც რუსეთის არმიის მოხალისე ბატალიონების მებრძოლებს აფინანსებს, არიან ოლეგ დერიპასკას, ლეონიდ მიხელსონისა და მიხაილ გუცერიევის კომპანიები. ამავე დროს, ზოგიერთი კომპანია, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეები ოფიციალურად არიან დასაქმებული, არ შედის არცერთ სანქციების სიებში.
"ვაჟნიე ისტორიი" ესაუბრა ერთ-ერთ პირს, რომელიც ბატალიონ „სოკოლისთვის" აგროვებს მოხალისეებს. ის ამტკიცებს, რომ ტელეფონის ნომრები, რომლებსაც „სოკოლი“ მიუთითებს თავის ტელეგრამის არხში ომში მოხალისედ წასვლის მსურველთათვის, კომპანია „რუსალ მენეჯმენტს“ ეკუთვნის. ეს კომპანია, თავის მხრივ, არის კორპორაცია „რუსალის“ შვილობილი კომპანია, რომლის მთავარი მფლობელია ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა. ამრიგად, "სოკოლის" მებრძოლები ხელფასს იღებენ ორი წყაროდან: თავდაცვის სამინისტროდან და დერიპასკას სტრუქტურებიდან. სავარაუდოდ, ზოგიერთი მოხალისე ასევე ოფიციალურად არის დასაქმებული კერძო დაცვის და დერიპასკასთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებში.
„რუსალში“, რომელსაც სანქციები მოეხსნა, „ვაჟნიე ისტორიის“ განუცხადეს, რომ კომპანიას არაფერი აქვს საერთო მოხალისეთა სტრუქტურების საქმიანობასთან.
როგორც „ვაჟნიე ისტორიი“ აღნიშნავს, კერძო სტრუქტურები ამგვარად იყენებენ იმავე სქემას, რომელიც მოსკოვის ხელისუფლებამ და სახელმწიფო კომპანიებმა მანამდე არაერთხელ გამოიყენეს. კერძოდ, მოხალისეებს მათში ფიქციურად ასაქმებდნენ და შემდეგ ფრონტზე გზავნიდნენ. ამრიგად, ომში წასვლის მსურველთა რიცხვი იზრდება (ასეთი მოხალისეების ანაზღაურება მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისას), რაც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს ხელახალი მობილიზაციის გამოცხადება.