რუსეთის კალუგის ოლქის სამხრეთ-დასავლეთში 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ დღეს დილით ტელეგრამ-არხით იუწყება კალუგის ოლქის გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა. მისი მტკიცებით, არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა.
როგორც გუბერნატორი წერს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა დრონები გასულ ღამით ჩამოყარეს „კალუგის ოლქის გავლით გადაფრენის მცდელობისას“. რუსეთის ეს ოლქი მოსკოვს და მოსკოვის ოლქს ესაზღვრება.
მაისის დასაწყისიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით ათამდე შეტევა იყო. რუსეთი ამ თავდასხმებს უწოდებს „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობებს". უკრაინის ხელისუფლება დრონებით შეტევასთან კავშირს ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.