Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში თბური ტალღაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო


გოგო შადრევანში გრილდება
გოგო შადრევანში გრილდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის თანახმად, ამ კვირაში აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 41◦C-ს მიაღწევს.

"მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა). ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, +39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +39, +41◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალმთაში +28, +33◦C მდე მოიმატებს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სააგენტოს თანახმად, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა "სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს".

მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება ევროპის კონტინენტზეც. ცენტრალური ევროპის ქვეყნების ნაწილში, ჯერ კიდევ ივლისში მაქსიმალურმა ტემპერატურამ 46 ◦C - სს მიაღწია. მაღალი ტემპერატურა იყო ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ჩრდილოეთ ამერიკასა და და ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში.

სიცხემ ხანძრები გამოიწვია საბერძნეთში, კანადასა და ალჟირში. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ კლიმატის შეცვლის მიზეზი ადამიანის მიერ წიაღისეული საწვავის მასობრივად გამოყენებაა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ გლობალური დათბობის ერა დასრულდა და დაიწყო გლობალური დუღილის ერა. მან მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად კლიმატის შეცვლას დაუპირისპირონ სწრაფი და რადიკალური ზომები.

2015 წელს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას ეხება.

XS
SM
MD
LG