ეკვადორში მოკლეს პრეზიდენტობის კანდიდატი ფერნანდო ვილავიჩენსიო . გაზეთ El Universo-ს ცნობით, ვილავიჩენსიო სამი გასროლით დაიღუპა კიტოში საარჩევნო მიტინგის შემდეგ. დაშავდა რვა ადამიანი, მათგან შვიდი ჰოსპიტალიზებულია.
გამოცემა Expreso წერს, რომ ვილავიჩენსიო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, როდესაც ის პოლიციის მიერ გამოყოფილ მანქანაში ჯდებოდა. ის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, რომელსაც პოლიცია იცავდა. ერთი კვირით ადრე პოლიტიკოსმა სამართალდამცავებს ნარკოტიკებით მოვაჭრე დაჯგუფების მხრიდან მუქარის შესახებ აცნობა.
ეკვადორის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს პოლიტიკოსის დაცვის წევრებმა ესროლეს, ის მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
პრეზიდენტმა გილერმო ლასომ განაცხადა, რომ „აღშფოთებული და შეძრწუნებულია ვილავიჩენსიოს მკვლელობით“. ლასომ სოლიდარობა და სამძიმარი გამოუცხადა პოლიტიკოსის მეუღლეს და ქალიშვილებს და აღნიშნა, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. გილერმო ლასომ უსაფრთხოების კაბინეტთან სხდომაც გამართა.
კონკურენტის მკვლელობის შემდეგ კამპანია შეაჩერა ეკვადორში პრეზიდენტობის ოთხმა კანდიდატმა.
ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ეკვადორში 20 აგვისტოს გაიმართება. მოქმედმა პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ, ვადამდელი არჩევნები პარლამენტის დასაშლელად დანიშნა, რადგან ის მთავრობის რეფორმებს აფერხებდა. ამასთან, თვითონ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ვილავიჩენსიო 59 წლის იყო. მისი პოლიტიკური მოძრაობა კორუფციის წინააღმდეგ იბრძოდა. წინასწარი გამოკითხვით, ვილავიჩენსიოს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია გასამარჯვებლად საკმარის ხმებს ვერ აგროვებდა.