Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედროს განათავსებს


საილუსტრაციო ფოტო: პოლონელი ჯარისკაცები პოლონეთისა და რუსეთს საზღვართან მავთულხლართებს აბამენ. 2022 წლის ნოემბერი
საილუსტრაციო ფოტო: პოლონელი ჯარისკაცები პოლონეთისა და რუსეთს საზღვართან მავთულხლართებს აბამენ. 2022 წლის ნოემბერი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუს ბლაშჩანკას განცხადებით, ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედრო მოსამსახურეს განათავსებენ. მისი თქმით, 4 ათასი სამხედრო მესაზღვრეებს აღმოუჩენს მხარდაჭერას, 6 ათასი კი - რეზერვში დარჩება.

ბლაშჩანკას სიტყვებით, ორი წლის განმავლობაში პოლონეთს ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო არმია ეყოლება, თუ თავდაცვის სფეროს გაძლიერების სამუშაო გაგრძელდება.

„სჯობს პოლონეთის არმიაზე დახარჯვა, ვიდრე უცხოეთის ჯარზე“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მიმდინარე კვირაში პოლონეთის საზღვრის დამცველებმა ათასი სამხედროს დახმარების საჭიროებაზე განაცხადეს. ხელისუფლებამ უპასუხა, რომ გაგზავნის ხუთჯერ მეტს.

პოლონეთს ხელისუფლებას ბელარუსში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გამოჩენა აშფოთებს, ამასთან შიშობენ, რომ ბელარუსის ხელისუფლება, გასული წლის მსგავსად, საზღვარზე არალეგალი მიგრანტების გაგზავნას დაიწყებს.

„ვაგნერის“ დაქირავებულებმა ბელარუსში ჩასვლა დაიწყეს ივნისის ბოლოს, რუსეთში ამბოხების მცდელობის შემდეგ.

ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვაგნერელები ბელარუსის სამხედროებს მოამზადებენ. ისინი ბელარუსში მძიმე ჯავშანტექნიკის გარეშე ჩადიან. ვაგნერელების მთავარი ბანაკი მოგილიოვის ოლქში მდებარეობს.

პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი სულ უფრო აძლიერებენ თავიანთ საზღვრებს, ბელარუსიდან მომავალი საფრთხის მოლოდინში.

XS
SM
MD
LG