Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ორ ოფიცერს ასამართლებენ იერიშის დროს განცდილი დანაკარგებისთვის


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

პირველად, მოსკოვში სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, რომელშიც ორი ოფიცერია ბრალდებული "რუსეთის ტერიტორიაზე მოულოდნელი თავდასხმის" მოგერიების დროს საბრძოლო მორიგეობის წესების დარღვევის საქმეზე.

რუსეთის არმიის ორი უფროსი ოფიცერი, პოლკოვნიკი ანატოლი ბონდარევი და მაიორი დიმიტრი დმიტრაკოვი, ბრალდებული არიან იმაში, რომ ვერ შეძლეს საბრძოლო დანაკარგების თავიდან აცილება 2022 წლის აპრილში, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის რეგიონში მათი სამხედრო ნაწილის დაბომბვის დროს.

როგორც გაზეთი „კომერსანტი“ წერს, აფეთქებების შედეგად შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 43 - დაიჭრა, ასევე განადგურდა 15 ერთეული სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა.

ოფიცრებს ათწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

„კომერსანტის“ ცნობით, გამოძიება ეფუძნებოდა 2022 წლის აპრილის მოვლენებს, როდესაც ბელგოროდის რაიონის სოფელ სტარაია-ნელიდოვკასთან აფეთქებებისა და ხანძრების შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მრავალი პუბლიკაციის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ დეტალების გარეშე დაადასტურა ინფორმაცია საბრძოლო მასალის საწყობში გაჩენილ ხანძარზე.

რუსეთი უკრაინასთან ომში დანაკარგებს არ ასაჯაროებს. Mediazona-ს და BBC-ს რუსული სამსახურის დამოუკიდებელმა გამომძიებლებმა დაადასტურეს დაახლოებით 30 ათასი რუსი ჯარისკაცის სიკვდილი. სხვადასხვა დემოგრაფის შეფასება მინიმუმ 47 ათასი რუსი ჯარისკაცის დაღუპვაზე მიუთითებს.

  • რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვისა და სუმის ოლქებს ესაზღვრება.
  • რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის იყენებს ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ საბრძოლო ავიაციას.
  • მოსკოვმა არაერთხელ დაადანაშაულა უკრაინა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო იერიშებსა და დრონებით დარტყმებში. კიევი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს.

XS
SM
MD
LG