Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩით” - მარიამის, შოთას და კოტიკოს ამბავი შოვიდან


მარიამი, კოტიკო და შოთა სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე შოვში.
მარიამი, კოტიკო და შოთა სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე შოვში.

“ვერტმფრენში რომ ავედი, შეშლილი სახით შემომხედა იმ კაცმა [იგულისხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი - რ.თ.], ისე გამოვიყურებოდი. შარვალიც კი აღარ მეცვა. ვიყავი ტრუსით, ყელამდე ტალახში, თავი მქონდა ტალახით გაზელილი, ვკანკალებ, ისე ვტირი და ამ კაცს ვეხვეწები, ვერტმფრენი ისე არ დაძრა, ჩემი ქმარი რომ არ წამოიყვანო,” - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ბერიანიძემ, შოვის სტიქიის ერთ-ერთმა გადარჩენილმა.

ის 3 აგვისტოს ღვარცოფში ქმართან და 4 წლის შვილთან ერთად მოხვდა. მათკენ მომავალი უზარმაზარი მასის დანახვამდე ჯერ საზარელი გრუხუნის ხმა გაიგეს, მერე კი დაინახეს, როგორი სისწრაფით მოდიოდა იმ ადგილისკენ, სადაც პიკნიკს აპირებდნენ, მიწის ტალღა, რომელსაც ქვები და ხეები მოჰქონდა.

ამ წამიდან დაწყებული სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა გადარჩენისთვის მარიამისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის თითქმის სამ საათს გაგრძელდა.

“ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩით” - ამბობს მარიამი სანამ თავისი გადარჩენის ამბავს მოჰყვება. მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ წაიღო სტიქიამ იმ ადგილიდან, სადაც ის და მისი ოჯახის წევრები უბედურებას გაურბოდნენ, ყველაზე ცოტა, 5 ადამიანი.

მარიამს ახსოვს, რომ ღვარცოფმა შთანთქა მანქანა ახალგაზრდა წყვილით, ასევე ტალახის მასაში გაუჩინარებული გოგო და ბიჭი, რომელიც იმავე სახლში ისვენებდნენ, სადაც თვითონ, და მოხუცი ქალი, რომელიც ბოლოს რომ დაინახა, ცოტა მოშორებით, "კალცის ხიდთან" იდგა და გადარჩენას ცდილობდა.

ამ ადამიანებიდან მარიამს მხოლოდ მათი ცნობა შეეძლო, ვინც მათ სახლში ცხოვრობდა - ამ ახალგაზრდა წყვილის დასახიჩრებული სხეულები 5 აგვისტოს იპოვეს მაშველებმა 7 კილომეტრით ქვევით იმ ადგილიდან, სადაც ბოლოს ნახა ისინი მარიამმა.

ყველაზე საშინელი მომენტი იყო, როცა პირველად დაგვარტყა ტალღამ: ჩემი მეუღლე დაუდგა ზურგით, ხელებში მოიქცია ბავშვი, მეც წინიდან დავუდექი და მივხვდით, რომ ეს იყო ჩვენი აღსასრული. მორჩა! თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს და ასე ვემშვიდობებოდით თითქოს ერთმანეთს.

რაღაცნაირად, ბოლომდე ვიბრძოლეთ, ბოლო წვეთამდე ვიბრძოლეთ, რაც შეგვეძლო. ამ ტალღამ რომ დაგვარტყა, ერთი ან ორი წამი გავჩერდით, ერთმანეთს ვაკავებდით, მერე ორივე დაგვაგდო, მე ძალიან ცუდად მოვიყოლე ფეხი, მეგონა რომ დავკარგავდი ამ ფეხს - ამ ტალღიდან როგორღაც მოვახერხეთ ამოძრომა და ავცოცდით ცოტა შემაღლებულ ადგილას, რაც მეწყერს ჰქონდა გაკეთებული.

შემდეგმა ტალღამ ამ ადგილიდან ნახევარ ნაბიჯზე ჩაგვიარა, მაგრამ აღარ დაურტყამს. აქედან დავიწყეთ 112-ში რეკვა. იქნებოდა ალბათ 4-ის ნახევარი.” - იხსენებს მარიამი.

მასთან და მისი ოჯახის წევრებთან ერთად ეს გზა გაიარეს ასევე ჯელაძეების 10-კაციანმა ოჯახმა და მამა-შვილმა გიო და თომა ადამიებმა. ეს არიან ადამიანები, რომელთა ტალახში ამოგანგლული ფოტოები გავრცელდა 3 აგვისტოსვე. მარიამმა და მასთან ერთად ღვარცოფში მოყოლილებმა იპოვეს ერთ-ერთი ადგილობრივი, მოხუცი კაცი, რომელიც "ვარდისფერ სახლთან" იყო და მარტო ცდილობდა გადარჩენას. ამ სახლთან მარიამი, შოთა და კოტიკო ღვარცოფის ერთ-ერთმა ტალღამ მოისროლა. ამავე სახლიდან ცდილობდნენ ფიცრების, სახურავის ნაგლეჯების და სხვა მყარი ნივთების გამოძრობას მეწყრის ტალახში "გზის" გასაკეთებლად.

მარიამიც და მასთან ერთად ღვარცოფში მოყოლილი ადამიანებიც ჯერ საკუთარი ძალებით, მერე კი ადგილობრივების დახმარებით ცდილობდნენ გადაეჭრათ ტალახით დაფარული ტერიტორია და გაეღწიათ უსაფრთხო ადგილამდე.

სამი საათის განმავლობაში, სანამ ისინი ნახევრად ტალახში იყვნენ ჩაფლულები და ღვარცოფის ახალ-ახალ ტალღებს ითვლიდნენ, ამაოდ ელოდნენ სამაშველო ვერტმფრენის გამოჩენას მათ თავზე. მაშველებმა შოვში მხოლოდ მაშინ ჩააღწიეს, როცა მარიამიც და სხვა მასთან ერთად მყოფი ადამიანებიც უკვე, ფაქტობრივად, სამშვიდობოს იყვნენ გასულები.

“პირველმა ტალღამ მთლიანად წაიღო შოვი. შემდეგი ტალღები უბრალოდ მოდიოდა და მოდიოდა, უკვე აღარაფერი აღარ იყო, რაც ხვდებოდა წინ. ვიდექით და მდინარეს ვუყვიროდით, “გაიტანე”, “გაიტანე”.

ვლოცულობდით მდინარეს გაეტანა ეს ტალახი, რომ ჩვენკენ აღარ წამოსულიყო. საითაც არ უნდა გაგეხედა, კილომეტრებზე ერთი და იგივე ლაფი იყო და ვეღარ ივლი ამდენს, როცა წასასვლელი არსად არის, ყველა ძალი და ღონე გამოცლილი გვქონდა.

წარმოიდგინეთ, ჩვენთვის როგორი გადამწყვეტი იყო ყველა წუთი: გაჭედილები ვართ, ღამდება, მოსალოდნელია წვიმა და არ ვიცით შემდეგი ტალღა წამოვა თუ არა, ჩვენ გადაგვივლის თუ მდინარის კალაპოტს გაივლის. ვართ ასე სასოწარკვეთილები, ბავშვით, ტალახში ჩაფლულები. როგორ უნდა გადავრჩენილიყავით?

რაც კი რამე ენერგია გაგვაჩნდა, ვცდილობდით, რომ კოტესთვის შემამსუბუქებელი ემოციები გადაგვეცა. ის კი არ გვეთქვა, რომ “დავიხოცებით”, ვეუბნებოდით,” როგორი მაგარი სპაიდერმენი ხარ”, “როგორ მაგრად ხოხავ”. რაღაც მონაკვეთების გავლამ მარტომ მოუწია იმ ღვარცოფში, აღარ გვქონდა ძალა, რომ ზურგზე მოგვესვა რომელიმეს.

“სპაიდერმენულად გაცოცდი”, აბა ის, აბა ეს, რომ რაღაცნაირად არც ტრავმირებული არ ყოფილიყო თუ გადავრჩებოდით და არც პანიკაში ჩავარდნილიყო. ეგეც არ ვიცოდით, რომ გადავრჩებოდით.” - გვიყვება მარიამი.

4 წლის კოტიკოს ოჯახში ყველაზე ნაკლები დაზიანებები აქვს. მარიამს ამ დრომდე აქვს ჭრილობები და დალურჯებები სხეულზე და როცა ამაზე ლაპარაკობს, აყოლებს, რომ შოთას ბევრად მძიმე ტრავმები აქვს.

ღვარცოფში თავის გადარჩენისას ისინი გზადაგზა კარგავდნენ ფეხსაცმელებს, ტანსაცმელს და გადარჩენის იმედს და იღებდნენ ახალ-ახალ დაზიანებებს.

საბოლოოდ მარიამს და მისი ოჯახის წევრებს გადარჩენაში ადგილობრივები დაეხმარნენ, რომლებიც სტიქიის ადგილამდე მაშველებზე ადრე მივიდნენ ფეხით, ტყე-ტყე, და ღვარცოფულ მასაში ჩარჩენილებსა და შედარებით უსაფრთხო ტერიტორიას შორის “გზა” დააგეს ხის ფიცრებით, სახლის სახურავის ფრაგმენტებით, ყველაფრით რაც ტალახში ჩაფლულებს სიარულს გაუმარტივებდა.

ღვარცოფს გადარჩენილები მიდიან ვერტმფრენისკენ, რომელის შოვიდან მეორე საევაკუაციო რეისს შეასრულებს. მარიამი ამ ფოტოზე არ ჩანს, ამ ფოტოს გადაღებისას ის უკვე გაყვანილია სტიქიის ზონიდან შვილთან ერთად. 3 აგვისტო, 2023 წელი
ღვარცოფს გადარჩენილები მიდიან ვერტმფრენისკენ, რომელის შოვიდან მეორე საევაკუაციო რეისს შეასრულებს. მარიამი ამ ფოტოზე არ ჩანს, ამ ფოტოს გადაღებისას ის უკვე გაყვანილია სტიქიის ზონიდან შვილთან ერთად. 3 აგვისტო, 2023 წელი

“ფეხი რომ ჩამოვდგი ამ გაკეთებული “ბილიკიდან”, მაშინ მომკიდა ხელი მაშველმა და გამაქცუნა, ჩამსვა ვერტმფრენში. მანამდე ერთ-ერთმა ბიჭმა, ადგილობრივმა, ჩემი შვილი სულ ხელით ატარა, არ ვიცოდით, რამდენად საშიში იყო ეს გზა. ვერტმფრენში რომ ავედით, არ მინდოდა რომ გავეყავით. თითო-თითოდ გამოვდიოდით, ჩემმა ქმარმა, რა თქმა უნდა, ქალები და ბავშვები გამოგვიშვა, ჯერ მე და კოტიკო წამოვედით და ის მერე გამოვიდა, მესამე რეისს გამოჰყვა.” - იხსენებს მარიამი.

ვერტმფრენში, რომელმაც მარიამი და კოტიკო დროებით შტაბში გადაიყვანა სტიქიის ზონიდან რამდენიმე კილომეტრში, იჯდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი.

სწორედ ის ხელმძღვანელობს შს მინისტრის მოადგილეებთან ერთად შოვში სამაშველო ოპერაციას. მღებრიშვილს მარიამი სთხოვდა, არ დაეტოვებინათ მისი ქმარი ტალახში და დალოდებოდნენ, სანამ ამოვიდოდა. ამ დროს ვერტმფრენი უკვე სავსე იყო სასტუმრო “სანსეტ შოვის” ბავშვიანი დამსვენებლებით და მარიამს მაინც მარტოს მოუწია გაფრენამ შვილთან ერთად.

მაშველები სასტუმრო "სანსეტ შოვის" სტუმრებს ევაკუაციაში ეხმარებიან
მაშველები სასტუმრო "სანსეტ შოვის" სტუმრებს ევაკუაციაში ეხმარებიან

მარიამი დროებით შტაბში ჩაფრენისთანავე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟთან მივიდა. ამ დროს მას უკვე სხეულის ყველა ნაწილი სტკიოდა, მისი შვილი კი ყინვისგან კანკალებდა. აღმოჩნდა, რომ ექიმებს არც პლედები ჰქონდათ, არც ტეტანუსის აცრა და მხოლოდ სტერილური ზეწრებით და იბუპროფენით შეეძლოთ დახმარება.

საბოლოოდ ოჯახი ონის კლინიკაში გადაიყვანეს, იქ კი მეგობრებმა მიაკითხეს და თბილისში წაიყვანეს.

“ერთი კვირა ხომ გავიდა მაგ ამბიდან? ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებიდან არავინ არ შეგვხმიანებია. გასაგებია, ყველანაირად მესმის, იქ რამხელა ტრაგედია დატრიალდა, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ერთი კვირა მგონი საკმარისია იმისთვის, რომ 16 გადარჩენილ ადამიანს დაურეკო და ჰკითხო, როგორ ხართ?” - გვეუბნება მარიამი. ის თვლის, რომ ყველას, ვინც სტიქიის ზონაში იყო და მით უმეტეს მათ, ვინც სიკვდილს თვალებში უყურებდა და მათაც, ვინც ამ დრომდე ეძებს დაკარგულების ცხედრებს, სულ მცირე, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მაინც სჭირდება სახელმწიფოსგან.

ამ დრომდე ფსიქოლოგიური დახმარება სტიქიით დაზარალებულებს მხოლოდ კერძო სექტორმა შესთავაზა.

“იცით, რას ნიშნავს სიკვდილს უყურებდე ყოველ წამს 3 საათის განმავლობაში? 112-ის ჩანაწერები მაინც ამოიღონ, როგორ ვბღავივართ. 'სად არის ვერტმფრენი, წუთი წუთზე მოვა?' - 'დიახ, თქვენი ზარი მიღებულია, გადაცემულია, ვერტმფრენი გამოვა', 'თქვენი ზარი გადაცემულია, დაელოდეთ რეაგირებას'. ჩვენ იქ ხალხი ლამის ხომ ჩავიხოცეთ, მაგრამ კინაღამ ფსიქიკურადაც შევიშალეთ. სამი საათი იყო განუწყვეტლივ სტრესში, ყოველი წამი სიკვდილის მოლოდინში, ეს არის ტანჯვა. ვინმე ფიქრობს, რა ფსიქიკა შეგვრჩა იმ დღის მერე? ისიც კი არ ვიცი, რა შეიძლება ვთქვა.” - ამბობს მარიამი.

შოვში სტიქიას 22 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე გრძელდება სამძებრო ოპერაცია სხვა დაკარგულების საპოვნელად. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოუქვეყნებიათ არც გადარჩენილების, არც დაღუპულების და არც დაკარგულების სია. შსს-ს ცნობით, 3 და 4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს ორასზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG