Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე


ფოტო არქივიდან: კონსტანტინე კუბლაშვილი, 2014 წელი
ფოტო არქივიდან: კონსტანტინე კუბლაშვილი, 2014 წელი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ძმამ, პავლე კუბლაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო წლებში მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

კონსტანტინე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 2005-2015 წლებში მუშაობდა. უფლებამოსილება მას 10-წლიანი ვადის ამოწურვის გამო შეუწყდა.

უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია მისი ბიოგრაფიის შესახებ:

  • 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით;
  • 1995 წლის აპრილიდან - სექტემბრამდე იყო ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტის მსმენელი, სადაც მოამზადა სადიპლომო ნაშრომი "გერმანიის ფედერალიზმის პრინციპები";
  • 1995 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იურისტად;
  • 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის ჯგუფის მთავარ სპეციალისტად, ხოლო 1997-98 წლებში ამავე დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგედ;
  • 1998-2000 წლებში იყო ჰანოვერის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორანტი, სადაც დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა "სამართლის დოქტორის" (Dr.jur) სამეცნიერო ხარისხი;
  • 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად;
  • 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი;
  • 2002-2004 წლებში იურისტად მუშაობდა იურიდიულ ფირმაში "ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის";
  • 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.
XS
SM
MD
LG