Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის "პიონერული მოძრაობის" განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 19 მილიარდ რუბლზე მეტი გამოიყო


რუსეთის "კომუნისტური პარტიის" "პიონერები". მაისი, 2023 წელი. მოსკოვი
რუსეთის "კომუნისტური პარტიის" "პიონერები". მაისი, 2023 წელი. მოსკოვი

რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის, "პირველთა მოძრაობის“ („დვიჟენიე პერვიხ“), წლიურმა ბიუჯეტმა 19 მილიარდ რუბლზე მეტი შეადგინა. ამის შესახებ მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარემ გრიგორი გუროვმა გამოცემა "ვედომოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა.

გუროვის თქმით, გამოყოფილი თანხებიდან თითქმის 10 მილიარდი რუბლის რეგიონებში გაგზავნა იგეგმება, 4 მილიარდის - მოძრაობის ცენტრალური ოფისის მუშაობის უზრუნველსაყოფად და კიდევ 2 - სხვადასხვა გრანტისთვის დაიხარჯება.

როგორც გამოცემა The Moscow Times-ი წერს, აღნიშნული თანხა სახელმწიფოს მიერ წამლების წარმოებაზე გამოყოფილ ასიგნებაზე 5-ჯერ მეტია.

გამოცემის განმარტებით, საუბარია სახელმწიფო პროგრამაზე, "ფარმაცევტული და სამედიცინო ინდუსტრიის განვითარება", რომელსაც ბიუჯეტი 3.7 მილიარდი რუბლით აფინანსებს. ამ პროგრამით რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო იმ უცხოური ნარკოტიკების ჩანაცვლება, რომლის რუსეთისთვის მიწოდებაც უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის დაწესებული სანქციების გამო შეწყდა.

  • ორგანიზაცია "პირველთა მოძრაობა" სახელმწიფოს ეგიდით გასული წლის დეკემბერში შეიქმნა. იგი, სავარაუდოდ, დაკავებული უნდა იყოს ახალგაზრდების განათლებით და მათში "ღირებულებითი ორიენტაციებისა" და ისეთი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებით, რომელიც "ტრადიციულ რუსულ სულიერ და მორალურ ღირებულებებს“ დაეფუძნება. მოძრაობის მონაწილეები შეიძლება გახდნენ 6-დან 18 წლამდე ბავშვები.
  • 2023 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისთან მიიწვია ორგანიზაციის მონაწილეები და მოუწოდა მათ, იფიქრონ სახელ "პიონერების" დაბრუნებაზე.
  • საბჭოთა კავშირში „პიონერები“ ეწოდებოდათ სრულიად საკავშირო პიონერთა ორგანიზაციის წევრებს. საბჭოთა პერიოდში 10-14 წლის ბავშვების დიდი უმრავლესობა მიიღეს პიონერებად. ორგანიზაციის მუშაობას ხელმძღვანელობდა „კომკავშირი“ - ახალგაზრდული კომუნისტური ორგანიზაცია. მასობრივი პიონერული ორგანიზაცია 1991 წლამდე, სსრკ-ს დაშლამდე, არსებობდა.
  • ამჟამად პიონერული ფრთა რუსეთის "კომუნისტურ პარტიაში" განაგრძობს არსებობას.
XS
SM
MD
LG