Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში ჩაკეტილია ორი სასაფლაო, სავარაუდოდ - "ვაგნერის" ლიდერების დაკრძალვის გამო


სერაფიმეს სასაფლაო. სანქტ-პეტერბურგი, 29 აგვისტო, 2023.
სერაფიმეს სასაფლაო. სანქტ-პეტერბურგი, 29 აგვისტო, 2023.

სანქტ-პეტერბურგში გადაკეტილია ორი სასაფლაოს - სევერნისა და სერაფიმეს - შესასვლელები, სადაც სავარაუდოდ მიმდინარეობს ტვერის ოლქში ავიაკატასტროფაში დაღუპული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერების დაკრძალვა. ამის შესახებ Sever.Realii-ის კორესპონდენტები იუწყებიან.

არაოფიციალური მონაცემებით, „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს სერაფიმეს სასაფლაოზე დაკრძალავენ. „ფონტანკის“ ცნობით, 29 აგვისტოს ღამით იქ პოლიციის საპატრულო მანქანები გამოჩნდა. ახლა პოლიციამ სასაფლაოს შესასვლელი გადაკეტა. სასაფლაოს ტერიტორიის მიმდებარე ქუჩებზეც პოლიციის კორდონებია.

შესასვლელთან დააყენეს ლითონის დეტექტორები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამოწმებენ სასაფლაოზე შემსვლელთა ჩანთებს. ჟურნალისტებს სასაფლაოზე არ უშვებენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა Sever.Realii-სთან საუბარში განაცხადა, რომ არ ყოფილა არავითარი „მითითება, რომ ვინმე მოვა“.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვას, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლს არა აქვს „კონკრეტული ინფორმაცია“ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის დაკრძალვის შესახებ.

როგორც „ფონტანკა“ წერს, სასაფლაოზე არც სამხედრო სალუტის ზალპის ხმა ისმის და არც ორკესტრისა. ამავე დროს, ევგენი პრიგოჟინი სამხედრო პატივით უნდა დაკრძალოს, რადგან მას რუსეთის გმირის წოდება აქვს.

პეტერბურგის სასაფლაო სევერნიზე დაიწყო ევგენი პრიგოჟინთან ერთად დაღუპული ვალერი ჩეკალოვის დაკრძალვის ცერემონია. Sever.Realii-ს კორესპონდენტი იტყობინება, რომ მან დაინახა ჯვარი ჩეკალოვის სახელით, რომელიც საფლავზე უნდა დაიდგას.

ცენტრი „დოსიე“ იტყობინება, რომ ვალერი ჩეკალოვი იყო კომპანია „კონკორდის“ მენეჯერთაგან ყველაზე დაახლოებული პირი ევგენი პრიგოჟინთან. გამოცემის ცნობით, ის ასევე კურირებდა პრიგოჟინის ყველა „სამოქალაქო“ პროექტს საზღვარგარეთ.

23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა. ოფიციალური განცხადებების თანახმად, დაიღუპა მასში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური.

XS
SM
MD
LG