Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლომ რადიო თავისუფლებისთვის მიცემული კომენტარის გარშემო საქმის განხილვა განაგრძო


იური კოხოვეცი სასამართლო პროცეზე. 30 აგვისტო. 2023 წელი
იური კოხოვეცი სასამართლო პროცეზე. 30 აგვისტო. 2023 წელი

30 აგვისტოს მოსკოვის ოსტანკინოს რაიონის სასამართლოში გაიმართა სასამართლო სხდომა იური კოხოვეცის საქმეზე, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით ე.წ. რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის. კოხოვეცმა განაცხადა, რომ თავის ნათქვამს არ უარყოფს და არ შეუცვლია სამოქალაქო პოზიცია.

მას ქუჩაში რადიო თავისუფლების ჟურნალისტებისთვის მოკლე კომენტარისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლოში კოხოვეცმა თქვა, რომ ჟურნალისტებთან საუბარში მან თავისი აზრი გამოხატა სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით.

2022 წლის ივლისში რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა მოსკოვის ქუჩებში გამვლელებს ჰკითხეს მათი დამოკიდებულების შესახებ უკრაინის ომის მიმართ. მათ შორის, ვინც დათანხმდა პასუხის გაცემას, იყო 37 წლის სადეზინფექციო ტექნიკოსი კოხოვეცი. მან უპასუხა, რომ ომი რუსეთის მთავრობამ გააჩაღა და მანვე უნდა შეწყვიტოს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთმა „ბომბავს სავაჭრო ცენტრებს, ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები... სამხედროებმა ისინი უმიზეზოდ დახვრიტეს“.

კოხოვეცი დააკავეს 2023 წლის მარტში 48 საათით და გაათავისუფლეს ხულიგნობის ბრალდებით, დააკისრეს 500 რუბლის ოდენობით ჯარიმა.

თუმცა, მას ბრალდება გაუმკაცრეს მას შემდეგ, რაც მათემატიკის მასწავლებელმა, ნატალია კრიუკოვამ და მთარგმნელმა ალექსანდრე ტარასოვმა ჩაატარეს ლინგვისტური ექსპერტიზა, რომლის მიხედვით კოხოვეცის განცხადებაში სიძულვილისა და მტრობის მოტივი აღმოაჩინეს. მანამდე კრიუკოვა და ტარასოვი ექსპერტები იყვნენ მემორიალის ადამიანის უფლებათა ცენტრის ლიკვიდაციის საქმეში და ჩართული იყვნენ მემორიალის თანათავმჯდომარე ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნაში.

30 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ადვოკატმა, ელენა შერემეტიევამ ეჭვქვეშ დააყენა რადიკ გაბიტოვის ჩვენების კანონიერება, რომლის მიხედვით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სხდომაზე გაბიტოვმა თქვა, რომ სოციალურ ქსელებში ნახა ვიდეო ქუჩაში გამოკითხვით და შემდეგ მიმართა საგამოძიებო კომიტეტს. როგორ მოხერხდა კოხოვეცის ვინაობის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ კომენტარები ანონიმური იყო, არ არის დადგენილი.

რუსეთის ხელისუფლება ყალბს უწოდებს ნებისმიერ ინფორმაციას უკრაინაში ომის შესახებ, რომელიც განსხვავებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიისგან.

XS
SM
MD
LG