Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ოლქში „ვაგნერის“ მებრძოლებმა გამოსასყიდის მიზნით სამი ადამიანი გაიტაცეს


მოსკოვის ოლქის ბოგოროდსკის რაიონში, რუსული გვარდიის თანამშრომლებმა დააკავეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილი დაქირავებულები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან გამოსასყიდის მიზნით სამი ადამიანის გატაცებაში.

ტელეგრამის არხ "ოსტოროჟნო მოსკვას“ თანახმად, სამმა „ვაგნერელმა“ გაიტაცა ბისეროვსკის ტბაში მოცურავე მამაკაცები და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით, ისინი დაზარალებულთა ნათესავებს დაუკავშირდნენ და მათგან გამოსასყიდის სახით 5 მილიონი რუბლი მოითხოვეს. ახლობლები პოლიციას დაუკავშირდნენ. ოპერატიული მოქმედებების შედეგად მძევლები გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ გატაცებულები ნოგინსკში კერძო სახლში რვა დღის განმავლობაში ჰყავდათ მძევლად აყვანილი.

  • ბოლო დროს მედიაში რეგულარულად ვრცელდება ცნობები სერიოზული დანაშაულების შესახებ, მათ შორის მკვლელობებისა და გაუპატიურების შესახებ, რომლებიც ჩადენილია „ვაგნერის“ იმ დაქირავებული ჯარისკაცების მიერ, რომლებიც უკრაინის ომიდან დაბრუნდნენ. ერთი დღით ადრე ვოლგოგრადის სასამართლომ 35 წლის დაქირავებული ალექსეი ხლებნიკოვი საკუთარი 13 წლის დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. აგვისტოში, კარელიაში ექვსი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით ომიდან დაბრუნებული ადრე ნასამართლევი „ვაგნერელი“ იგორ სოფონოვი დააკავეს.
XS
SM
MD
LG