Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან იუწყებიან დრონებით და „ამოუცნობი ობიექტით“ შეტევის შესახებ


საილუსტრაციო ფოტო. ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომის რაიონში 30 აგვისტოს მომხდარი აფეთქებით გამოწვეული ხანძარი
საილუსტრაციო ფოტო. ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომის რაიონში 30 აგვისტოს მომხდარი აფეთქებით გამოწვეული ხანძარი

რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. დღეს დილით, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს მოსკოვში დრონის შეღწევა და ის მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში მოიგერიეს. სობიანინის წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა.

სობიანინის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის ამ რაიონში გაანადგურეს „თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი". რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში გაუქმდა, ან გადაიდო 60-ზე მეტი ავიარეისი.

დრონებით შეტევის შედეგად სახლის და ადმინისტრაციული შენობის დაზიანების შესახებ იუწყება რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი. მისი ინფორმაციით ქალაქ კურჩატოვზე თავდასხმა იყო 2 „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატით. კურჩატოვში კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

დღეს დილით, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმაც განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ბელგოროდის რაიონში ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი. გლადკოვის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

გვიან ღამით „ამოუცნობი ობიექტის“ აღმოჩენის შესახებ იუწყებოდა ფსკოვის ოლქის გუბერნატორი მიხაილ ვედერნიკოვი. მან ტელეგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც გუბერნატორის თანახმად, ასახავს კრესტის რაიონში ამ ობიექტის „განეიტრალებას“, რასაც „ხმელეთზე არანაირი შედეგები არ მოჰყოლია". ქალაქ ფსკოვის კრესტის რაიონში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, რომელზეც 30 აგვისტოს შეტევა განხორციელდა. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, გასულ ღამით ამ რაიონში რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა ინტენსიური სროლის ხმა.

ბოლო ხანს, რუსეთის ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღე ხდება უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა. უკრაინის ხელისუფლება ამ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს.

XS
SM
MD
LG