Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკა კვირკველიამ "პალიტრა მედია" დატოვა


კოკა კვირკველია
კოკა კვირკველია

კოკა კვირკველიამ "პალიტრა მედია" დატოვა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ რთული გადაწყვეტილება მიიღო 15-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, თუმცა ამის "დრო მოვიდა".

კვირკველია რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ამ გადაწყვეტილებას უკავშირებს რამდენიმე თვის წინ მისი სატელევიზიო გადაცემის დახურვას.

"ორი თვის წინ რომ დამიხურეს "ნიუსრუმი" [სატელევიზიო გადაცემა], მას შემდეგ ვფიქრობდი და მოვიდა ამ გადაწყვეტილების დრო. მაშინ რა მიზეზიც მითხრეს, არ იყო არგუმენტირებული იმიტომ, რომ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი მქონდა [რეიტინგის კუთხით]. არც გამიგრძელებია ამაზე ჩაძიება, უფროსის გადაწყვეტილება იყო ერთპიროვნული და გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა მფლობელმა.

ათამდე საქმეს ვაკეთებდი, ყველა სხვა დამიტოვეს... ის გადაცემა [რომელის დახურეს] იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის", - ამბობს ჟურნალისტი.

ის არ გამორიცხავს, რომ მისი გადაცემის დახურვა უკავშირდებოდეს მმართველი პარტიის მხრიდან მედიაორგანიზაციის მიმართ ღიად გამოხატულ კრიტიკას ტელეკომპანია "ფორმულასთან" მსგავსების შესახებ.

"მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი. ეს აღქმები და ვარაუდები შეიძლება აღქმებად და ვარაუდებად დარჩეს. [არ გამოვრიცხავ] ეს პერიოდი ძალიან მწვავე იყო და ისეთი შეფასება და რეაქცია მქონდა ამ კანონზე [ე.წ. აგენტებია კანონი] და იმ პროცესებზე, რომელიც ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს", - თქვა "პალიტრის" თანამშრომელმა.

28 მარტს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "პალიტრა მედია" თავისი სარედაქციო პოლიტიკით "ფორმულა 2", დავით კეზერაშვილის მეორე ტელევიზია გახდა.

"ეს არის ჩემი დაკვირვება და დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები და როგორია ხარჯები, რასაც ტელევიზიები გასწევენ, ამ ტელევიზიების მესაკუთრეები, ამაში ვერ შევალ. მაგრამ ეს ტელევიზია ბოლო თვეებში თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა "ფორმულა 2", - თქვა კობახიძემ.

მის განცხადებას მალევე "პალიტრა მედიაც" გამოეხმაურა. ჰოლდინგი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის "ცილისწამება და სიცრუე."

"თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, "პალიტრა მედია" არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და "პალიტრა მედიის" რაიმე კავშირის შესახებ", - ეწერა "პალიტრა მედიის" საპასუხო განცხადებაში.

"პალიტრა მედიის" წინააღმდეგ ხელისუფლების განცხადებებს "მედიის ადვოკატირების კოალიციაც" განცხადებით გამოეხმაურა. კოალიციის თქმით, მმართველი პარტია ჰოლდინგის დისკრედიტაციას ეწევა, რაშიც პროსამთავრობო მედიასაშუალებებიც ჩაერთნენ.

XS
SM
MD
LG