Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ონკანებიდან ყავისფერი წყალი მოდის": რატომ არ იხდიან ლაგოდეხში წყლის გადასახადს?


 ჭაბურღილი ლაგოდეხში, საიდანაც მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალს იღებს
ჭაბურღილი ლაგოდეხში, საიდანაც მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალს იღებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ვერ ახერხებს მომხმარებლების ნაწილისგან წყლის საფასურის ამოღებას.

საერთო დავალიანება, დაახლოებით, 300 ათასი ლარია.

როგორც ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, კომპანიისგან წერილები მიიღეს, სადაც წერია, რომ თუ დავალიანებას არ დაფარავენ, გატარდება „შესაბამისი ზომები“.

ასეთი გაფრთხილების წერილი მიიღო ჯულიეტა კაზარიანმაც. მას კომპანიის მიმართ 2000 ლარზე მეტი დავალიანება აქვს.

„აქეთ მოსახლეობამ უნდა დაწეროს კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი და კომპენსაცია მოვითხოვოთ, რომ ჩვენ ვსვამთ ბინძურ წყალს. მე რომ მკითხოთ, ეს ტექნიკური წყალიც კი არ არის. როცა წვიმს, ჩვენი ონკანებიდან მოდის ყავისფერი წყალი. ამაზე ვინმეს პასუხი აქვს?“ - უთხრა რადიო თავისუფლებას კაზარიანმა.

ლაგოდეხი
ლაგოდეხი

მოხმარებული წყლის ღირებულების გადახდას არ აპირებს ადგილობრივი დარეჯან ყორღანაშვილიც. როგორც ის ამბობს, ოჯახში სასმელ წყალს ყიდულობენ ან ჭაბურღილიდან მოაქვთ. ამას იმიტომ აკეთებს, რომ:

„წყალს აქვს სუნი და გემო... ეს არ არის ჯანმრთელი წყალი. ხევის წყალი რომ დალიო, ის უფრო უკეთესია, ვიდრე მილებში გავლილი. ჩვენ ვსვამთ ჭაბურღილის წყალს, ან ვყიდულობთ და კიდევ გადასახადი გადავიხადო? გადასახადიც იმხელაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გადახდა“, - გვითხრა ყორღანაშვილმა.

ლაგოდეხში არის ქუჩები, სადაც სოფლის ტიპის დასახლებებია. მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთებში მოჰყავს სხვადასხვა სახის ბოსტნეული.

ადგილობრივები თავადაც ამბობენ, რომ ონკანის წყალს სარწყავადაც იყენებენ.

როგორც ლაგოდეხელი ჯულიეტა კაზარიანი შენიშნავს, მრავალი დაპირების მიუხედავად, მათ სარწყავი წყალი ამ დრომდე არ მიეწოდებათ და იძულებული არიან ონკანის წყალი გამოიყენონ.

ლაგოდეხი
ლაგოდეხი

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლაგოდეხში წყლის მრიცხველები 2020 წელს მას შემდეგ დაამონტაჟა, რაც ქსელის სრული რეაბილიტაცია ჩაატარა.

პროექტზე დაიხარჯა თითქმის 17 მილიონი ლარი.

სრულად გამოიცვალა წყალმომარაგების ქსელი, მოეწყო ჭაბურღილები და აშენდა სათავო ნაგებობა. მანამდე მოსახლეობა წყლის საფასურს სულადობით იხდიდა - ერთ ადამიანზე 50 თეთრს. ადგილობრივების ნაწილი კვლავ სულადობრივ გადასახადზე გადასვლას ითხოვს.

რადიო თავისუფლება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, როგორ აპირებს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისგან არსებული დავალიანების ამოღებას, გაითვალისწინებს თუ არა მათ მოთხოვნას ტარიფის შემცირებასთან ან გადახდის სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. ასევე ვკითხეთ წყლის ხარისხზე.

კომპანიამ გვიპასუხა, რომ ლაგოდეხში სულ 243 აბონენტს გაეგზავნა წერილი, ვისაც დავალიანება 1000 ლარს ზევით აქვს. მოგვწერეს, რომ კომპანია მზად არის, დავალიანება გარკვეულ ვადაზე გადაანაწილოს.

რაც შეეხება ტარიფს: ის ოჯახები ვინც წყალარინების სისტემით სარგებლობს, ერთ ტონა წყალში უნდა გადაიხადოს თითქმის 50 თეთრი, წყალარინების გარეშე 41 თეთრია.

ტარიფის ცვლილება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

"წყალი, რომელიც აბონენტებს მიეწოდებათ, სრულად აკმაყოფილებს რეგლამენტით დადგენილ ყველა სანიტარიულ ნორმას. კომპანია თავისი დაფარვის არეალში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს წყლის ლაბორატორიულ შემოწმებას”, - წერია კომპანიის პასუხში.

ლაგოდეხში კი ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ არსებულ დავალიანებას არ გადაიხდიან მანამდე, სანამ სულადობრივი გადასახადი არ დაწესდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG