საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეპ ბორელის ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა აეროპორტში ბორელის თბილისში ვიზიტის დაწყების წინ.
მისი თქით, უკვე საქართველოში იქნება შესაძლებელი ბორელთან საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გაწეული „უზარმაზარი სამუშაოს“ შესახებ საუბარი. ამასთან, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მისი ვიზიტი სპეციალური გზავნილია, რომ "ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება წარმოადგენს მაღალ პრიორიტეტს“
„ვიზიტი, ცალსახად, მოიტანს ახალ იმპულსს, ერთი მხრივ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და მეორე მხრივ ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ზეგავლენა, გავლენა შესაბამის გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ბორელს ხვდება საკმაოდ მყარად "იმ კუთხით, რომ 12 პუნქტის მიმართულებით დიდი შრომა გავწიეთ და შევასრულეთ დღევანდელი გადასახედიდან ის ვალდებულებები, რომელიც აღებულია"
კითხვაზე პასუხისას, თუ რამდენი რეკომენდაციაა შესრულებული ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ციფრებზე საუბრის ნაცვლად სქობს ოქტომბრამდე მოცდა, როდესაც იქნება ანგარიში, "ჩვენ ვამბობთ, რომ რეკომენდაციების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მყარად დგას", - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი განმარტებით დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესრულებასთან მიმართებით, ძნელია თქმა, რომ ეს რეკომენდაცია შესრულდა.
"როდესაც რეკომენდაციების შესრულება-არ შესრულებაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამის ცალსახად თქმა, რომ ეს პუნქტი შესრულებულია, ძალიან რთულია. რადგან ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ყველა მონაწილის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებას ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული, რათა დეპოლარიზაცია მოხდეს. არიან ამ პროცესის მონაწილეები, რომელთაც ეს არ სურთ". - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.
საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჟოზეპ ბორელი უკვე საქართველოშია.
დღეს და ხვალ - 7 და 8 სექტემბერს, საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ის განიხილავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს, ასევე, იმსჯელებს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკისა და რეგიონულ საკითხებზე.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.