საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა დაიწყო გურიაში 8 სექტემბერს მომხდარი სტიქიის გამო დაღუპული სამი ადამიანის ოჯახის წევრებისადმი სამძიმრით. მან ილაპარაკა რეგიონში ამჟამად არსებულ მდგომარეობაზეც.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სტიქიის კერები იყო ოზურგეთის 22 და ლანჩხუთის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში. ამჟამად ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 11 ადგილას წერტილოვნად შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.
პრემიერის განცხადებით, 105 ოჯახი განსახლებას ექვემდებარება, 110 მოქალაქე კი მუნიციპალიტეტების მიერ სასტუმროებშია განაწილებული.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს.
ძლიერი წვიმის შედეგად, 8 სექტემბერს გურიის რეგიონში დაიტბორა და დაიმეწყრა არაერთი სოფელი, ნაწილი კი გარესამყაროს მოსწყდა. ადიდდა პატარა მდინარეებიც. ფოტო და ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მიწის მასა და წყალი ადგილობრივებს სახლებსა და კარ-მიდამოებში შეუვარდათ, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
სტიქიის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის - ორი არასრულწლოვანი.