Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობას ჩინეთიდან დღეში 10 ავიარეისის მოლოდინი აქვს


საილუსტრაციო ფოტო: ჩინელი ტურისტები ყაზანში
საილუსტრაციო ფოტო: ჩინელი ტურისტები ყაზანში

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩინეთიდან დღეში 10 ავიარეისზე მეტის განხორციელების სურვილი არსებობს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან კომენტარში განაცხადა.

მისი სიტყვებით, ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ დაიგეგმა მთელი რიგი ინიციატივების განხორციელება, რაც, დავითაშვილის თქმით, სერიოზული ბიძგი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისთვის. ტურისტული სექტორი კი, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არის სფერო, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება განვითარების პოტენციალს ხედავს.

ჩინეთი არის ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარი მსოფლიოში, ალბათ - ყველასთვის სასურველი ტურისტული ბაზარი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზრის რაღაც წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ეს მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს. მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვანი ნაკადები გვქონდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება იყო ერთ -ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტურისტების მოსაზიდად. ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ ყოფნა. ავიარეისების რაოდენობის ზრდაზე გრძელდება მუშაობა ჩინურ ავიაგადამზიდავ "ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან".

„მინიმუმ დღეში ერთი ფრენა ჩვენ გვექნება ჩინეთთან. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ამბიცია ცოტა მეტია - დღეში შეიძლება ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმ ნაკადების უზრუნველსაყოფად, რომელსაც შესაბამისი შედეგი ექნება ეკონომიკური თვალსაზრისით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 11 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ შესაბამის ცვლილებას დღეს მოაწერს ხელს და ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლებათ.

29 ივლისს, ჩინეთში ერთკვირიანი ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და მასთან ერთად გამოაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გადაწყვეტილებას საქართველოს მხრიდან საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგ დასტურად აღიქვამს, მეორე კი - დასავლელი პარტნიორების „დაშანტაჟების“ მცდელობად.

XS
SM
MD
LG