Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: აღმოსავლეთსა და სამხრეთში საკმაოდ რთული ოპერატიული ვითარებაა


უკრაინელი სამხედროების პოზიციები დონეცკის ოლქში. 2023 წლის 11 სექტემბერი
უკრაინელი სამხედროების პოზიციები დონეცკის ოლქში. 2023 წლის 11 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში საკმაოდ რთული ოპერატიული ვითარებაა. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, უკრაინელი სამხედროების თავდაცვის ხაზი გაარღვიონ ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ეს მცდელობა წარუმატებელი იყო დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტების: ავდეევკის, მარინკის და ნოვომიხაილოვკის რაიონებში.

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობითვე, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 10 შეტევა მოიგერიეს ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტების, რაბოტინოს და ნოვოდანილოვკის რაიონებში და წარმატებას მიაღწიეს რაბოტინოს სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა წარუმატებელია და მათ უკვე დაკარგეს ათეულობით ერთეული ტექნიკა და ასეულობით სამხედრო მოსამსახურე. რა პერიოდში და რამდენი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს. მისივე მტკიცებით, ერთ-ერთი შეტევისას, „გასროლის გარეშე“ დაატყვევეს უკრაინელი სამხედროები. თავდაცვის სამინისტრო არც მათ რიცხვს ასახელებს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, 11 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში და დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის რაიონში. უკრაინის არმიამ ამ მიმართულებებით კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყო.

XS
SM
MD
LG