Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე მხოლოდ 1 ადამიანის დანაშაული გამოკვეთა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა


მიშა მშვილდაძე თავდასხმის შემდეგ
მიშა მშვილდაძე თავდასხმის შემდეგ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალეულობა გამოკვეთა. დღეს, 12 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ უწყებამ საქმე განსახილველად გადაუგზავნა სასამართლოს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში არ უპასუხეს რადიო თავისუფლების კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს გამოძიების დასრულებას მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე. ამ შინაარსის შეკითხვას, რამდენჯერმე დასმის მიუხედავად, პრესსამსახურში ასე უპასუხეს: "საქმე სასამართლოში განსახილველად გადაიგზავნა".

დაზარალებული მიშა მშვილდაძე მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმის საქმეში სხვა ადამიანთა ბრალეულობაც უნდა გამოკვეთილიყო. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებამ არ დაადგინა სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა და არ მოიპოვა ყველა ის ვიდეოჩანაწერი, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საქმის გასახსნელად.

"მოკლედ, ამ საქმეს მე და ჩემი ადვოკატი წავიღებთ საერთაშორისო სასამართლოშიც და იქ დავამტკიცებთ ყველაფერს", - ამბობს მშვილდაძე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გადამოწმდა ყველა შესაძლო ვერსია და "ვერ დადგინდა სხვა პირის/პირთა ბრალეულობა".

2023 წლის 27 ივნისს თბილისში ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს, დაესხნენ თავს. ამ საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი მომდევნო დღეს, 28 ივნისს, დააკავა ძალადობის მუხლით.

დაკავებულია ნიკოლოზ გუგეშაშვილი, ვისი სახელითაც ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ მან სცემა მიშა მშვილდაძეს. ფეისბუკანგარიშზე, სადაც ეს "აღიარებითი ჩვენება" 28 ივნისს დაიდო, საჯაროდ მხოლოდ ეს ერთი სტატუსი იძებნება. გვერდისა და პიროვნების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ არ აპირებს მიმალვას და ძალადობის ფაქტის დამალვას. აქვე მან განმარტა, რომ მიშა მშვილდაძე სამიზნედ აირჩია მისი საჯარო განცხადებების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამო.

XS
SM
MD
LG