რუსეთის გამანადგურებელი თვითმფრინავის, სუ-27-ის პილოტმა გასული წლის სექტემბერში შავი ზღვის თავზე განზრახ ესროლა ბრიტანულ სადაზვერვო თვითმფრინავს და შეეცადა მის ჩამოგდებას, რადგან სჯეროდა, რომ ჰქონდა სროლის ნებართვა. სინამდვილეში, ასეთი ნებართვა არ არსებობდა, მაგრამ არც სროლა ყოფილა ტექნიკური გაუმართაობის შედეგი, როგორც ამას მაშინ რუსეთის მხარე აცხადებდა. ამის შესახებ ხუთშაბათს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC იტყობინება, დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებების სამი მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით.
ინციდენტი ბრიტანეთის საჰაერო ხომალდ RAF RC-135 Rivet Joint-თან დაკავშირებით 2022 წლის 29 სექტემბერს მოხდა. ბრიტანული სადაზვერვო თვითმფრინავი შავი ზღვის მონიტორინგის მისიას ახორციელებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. თვითმფრინავს, რომელშიც 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ე.წ. თანხლების მიზნით, ორი რუსული სუ-27 აედევნა.
ის, რომ რუსული თვითმფრინავის მფრინავმა რაკეტა გაისროლა ბრიტანული თვითმფრინავის მიმართ, ადრეც იყო ცნობილი. კერძოდ, ამის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა ბრიტანეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა და აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ ეს ტექნიკური გაუმართაობით ახსნა. მომხდარზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს.
BBC წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რუსმა პილოტმა არა ერთი, არამედ ორი რაკეტა გაისროლა და ეს განზრახ გააკეთა. ეს თავად ამ ინციდენტში მონაწილე RAF RC-135 Rivet თვითმფრინავის მიერ გადატაცებული ინფორმაციითაც დასტურდება.
საბორტო საუბრის შემცველი ინფორმაციით ირკვევა, რომ ერთ-ერთმა რუსმა მფრინავმა იფიქრა, რომ მიეცა ნებართვა ბრიტანულ თვითმფრინავზე თავდასხმისთვის, რუსული სახმელეთო სადგურის ორაზროვანი ბრძანების შემდეგ - "თქვენ გაქვთ სამიზნე." მან გაისროლა რაკეტა, რომელიც ბრიტანულ თვითმფრინავს ასცდა. მოწინავე რუსული თვითმფრინავის მეორე პილოტმა, რომელიც დარწმუნდა, რომ ხმელეთიდან ბრძანება არ ითვალისწინებდა რაკეტის სროლას, გალანძღა თავისი კოლეგა. მაგრამ ამის მიუხედავად, პირველმა მფრინავმა კიდევ ერთი რაკეტა გაუშვა, რომელმაც საშტატო რეჟიმში არ იმუშავა.
BBC-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ უწოდებს მომხდარს რუსული მხარის ესკალაციას.
"არცერთ მხარეს არ სურს ესკალაცია, რომელსაც პოტენციურად შეეძლო ნატოს წევრი ქვეყნის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება გამოეწვია", - აღნიშნავს BBC. ამავე დროს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ეს ინციდენტი მკაცრი შეხსენებაა პუტინის ბარბაროსული შეჭრის პოტენციური შედეგების შესახებ".
- აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 14 მარტს შავი ზღვის თავზე რუსეთის გამანადგურებელთან შეტაკების შედეგად ჩამოვარდა აშშ-ის სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, საერთაშორისო სივრცეში ასრულებდა დავალებას. როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რუსეთის ორმა Su-27-მა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის „არაუსაფრთხო და არაპროფესიონალური“ გადატაცება განახორციელა. კერძოდ, ერთ-ერთი რუსული გამანადგურებელი გამოედო დრონის პროპელერს, რის შედეგადაც ამერიკის შეიარაღებულ ძალებს დრონის ჩამოგდება მოუწიათ.