რუსეთი ირწმუნება, რომ დრონებით თავდასხმა აღკვეთა ყირიმის ნახევარკუნძულსა და კრასნოდარის მხარეში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“ შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ყირიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან და კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს რაიონში.
ტუაფსეს ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ დრონის ჩამოგდებას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. სხვა წყაროებით ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
ადმინისტრაციის ცნობითვე, დღეს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ტუაფსეს პორტის აკვატორიაში გემების მიმოსვლა აიკრძალება. მიზეზად დასახელებულია ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის წვრთნები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანექსირებულ ყირიმზე და რუსეთის ქალაქ ტუაფსეზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყირიმის ტერიტორიის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატი. რომელ რაიონებში და მოჰყვა თუ არა ნგრევა ან მსხვერპლი, დაკონკრეტებული არ ყოფილა.
21 სექტემბერს რამდენიმე უკრაინულმა გამოცემამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ ანექსირებულ ყირიმზე შეტევა უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით „ნეპტუნი“ ძლიერი დარტყმა მიაყენეს საკის სამხედრო აეროდრომს.