Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს სამხრეთში რუსეთის თავდაცვის ბოლო ხაზის გადაკვეთა


ზაპოროჟიეს ფრონტზე მებრძოლი უკრაინელი სამხედრო
ზაპოროჟიეს ფრონტზე მებრძოლი უკრაინელი სამხედრო

უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს რუსეთის თავდაცვის ბოლო, მესამე ხაზის გადაკვეთა ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს გეოლოკაციური კადრების და სხვა მასალების შესწავლის საფუძველზე. მანამდე იმავეს წერდა გამოცემა Wall Street Journal-ი.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, 21 სექტემბერს უკრაინულმა ჯავშანტექნიკამ წინ წაიწია რუსეთის დამცავი ხაზის სამხრეთით და ბრძოლაში ჩაერთო დასახლებული პუნქტის, ვერბოვოს დასავლეთით. ამასთან, ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლეს თუ არა უკრაინელებმა ხაზის მთლიანად გარღვევა და მოახერხებენ თუ არა პოზიციების შენარჩუნებას. თუმცა, როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინელი სამხედროები ჯავშანტექნიკას იყენებენ რუსეთის თავდაცვის სამშრიანი ხაზის მიღმა.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთის ჯარებმა ვერ შეძლეს ხელი შეეშალათ უკრაინის თავდაცვის ძალების ეტაპობრივი წინსვლისთვის, რომელიც აგვისტოს შუა პერიოდიდან გრძელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალები განაგრძობდნენ შეტევას სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის მიმართულებით. გენშტაბის თანახმად, ამავე ოლქის დასახლებული პუნქტების, რაბოტინოს და ტოკმაჩკის რაიონებში შეტევა მოწინააღმდეგის დიდი დანაკარგით დასრულდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ზაპოროჟიეს მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ჯერჯერობით არაფერს იუწყება.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში კონტრშეტევა 2023 წლის ზაფხულიდან დაიწყეს

XS
SM
MD
LG