"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ოქტომბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის, ეკატერინე აბაშიძის სარჩელი და ე.წ. გავრილოვის ღამეს, აქციის დაშლის დროს, მისთვის რეზინის ტყვიის მოხვედრისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. შსს-ს ეკატერინე აბაშიძისთვის დაეკისრა 3000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ არის შესული.
"სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდე დადგა, რომელიც მიმდინარეობს საპროტესტო შეკრებისას სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობისა და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე", - აცხადებენ საიაში.
2019 წლის 20-21 ივნისის ღამის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაცია 15-მდე ადამიანის უფლებებს იცავს - მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე - შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები.
2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი.
ყველაფერი 2019 წლის 20 ივნისის დილას რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე დაიწყო - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.
საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილ ადგილზე ავიდა და განაცხადა, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.
ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის, დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას", რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის საშუალება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ აქვს.
ოპოზიციის ლიდერებმა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და ამისთვის მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს.
22 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია გართულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. შენობა სპეცრაზმელებით იყო გარშემორტყმული. მალევე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. ისროლეს რეზინის ტყვიები.
21 ივნისს თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.