საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეს არის ყველაზე დიდი მოცულობის თანხა, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად გაუყიდია ეროვნულ ბანკს ბოლო პერიოდში.
6 ოქტომბრის ინტერვენციის შემდეგ კურსი მცირედით შეიცვალა - ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა.
7 ოქტომბრის ოფიციალური კურსი ასეთია:
- 1 დოლარი - 2,6719 ლარი (გამყარდა 0,64 თეთრით);
- 1 ევრო - 2,8215 ლარი (გაუფასურდა 0,45 თეთრით).
განახლება
მასალის გამოქვეყნების შემდეგ რადიო თავისუფლებას ეროვნული ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ „წინა წლების განმავლობაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სავალუტო აუქციონთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი აქვეყნებდა შედარებით ვრცელ განცხადებებს/განმარტებებს, რომელიც იმ მომენტში სავალუტო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას შეესაბამებოდა”.
როგორც ეროვნული ბანკის პრესსამსახური აცხადებს, „დღევანდელი სავალუტო აუქციონის ჩატარების მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით".
თითქმის ამავე მოცულობის თანხა - 50 მილიონი დოლარი - ბოლოს სებმა გასაყიდად 2022 წლის 9 მარტს გამოიტანა, საიდანაც მხოლოდ ნაწილის - 39,6 მილიონის - გაყიდვა შეძლო. დღეს კი, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, მიუთითა გაყიდვის მიზეზი და ის ასე ახსნა:
"სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით".
ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი, თუ ერთადერთი შემთხვევა არა, როცა ეროვნული ბანკი დოლარის გაყიდვის მიზეზს იმავე განცხადებაში ხსნის და მიუთითებს, რომ მიზეზი იყო "მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქცია".
მაგალითად, განმარტების გარეშე გაავრცელა განცხადება უწყებამ:
- 2021 წლის 30 სექტემბერს - 60 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ;
- 2022 წლის 9 მარტს - 39,6 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ.
დოლარის გაყიდვის გამო უწყებას განმარტებები არ გაუვრცელებია არც ბოლო დღეებში, როცა ლარის გაუფასურება დროში დაემთხვა ეროვნული ბანკის მიერ იმ რეგულაციის შეცვლას, რომელიც აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისს ეხებოდა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ბანკის პრესსამსახურს და ჰკითხა, რატომ გახდა საჭირო ამ განმარტების მიწერა განცხადებაში და ყოფილა თუ არა მსგავსი შემთხვევები. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო ოთარ ფარცხალაძეს "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა და იგივე წესები გავრცელდა საქართველოს საბანკო სექტორზეც.
19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არგუმენტები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების შემდეგ, 20 სექტემბერს, თანამდებობიდან გადადგნენ ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი.