ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერის, პეტერ სტანოს განცხადებაში. განცხადების თანახმად, თუ რუსეთი გააგრძელებს ამ გეგმების განხორციელებას, „ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის“.
„რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - უკანონოა. ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში, რომლის მიხედვით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოცემა „იზვესტიისთვის" მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმის შესახებ.
რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მუდმივი პუნქტის განთავსების საკითხს 6 ოქტომბერს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში და გეგმას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და მსგავს ქმედებებს უწოდა„მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროპული გზისათვის". ზურაბიშვილი საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.