Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სასამართლოში ყარაბაღის თემაზე იმსჯელებენ


მთიანი ყარაბაღიდან დევნილების ავტომობილი
მთიანი ყარაბაღიდან დევნილების ავტომობილი

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ყარაბაღის თემაზე 12 ოქტომბერს იმსჯელებს. ამ დღეს სასამართლომ უნდა განიხილოს სომხეთის მოთხოვნა, გაიყვანოს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებიდან შეიარაღებული ძალები. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰააგის სასამართლო ამ თემაზე იმსჯელებდა, ცნობილი 6 ოქტომბერს გახდა.

მომდევნო ხუთშაბათს დაგეგმილი განხილვა მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გადაუდებელი ზომების მოთხოვნას განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის პირობებში. ორივე სახელმწიფო სასამართლოს წინაშე ერთმანეთს ადანაშაულებს გაეროს ანტიდისკრიმინაციული ხელშეკრულების პირობების დარღვევაში.

თებერვალში, გაეროს უმაღლესმა სასამართლომ აზერბაიჯანს მოსთხოვა, უზრუნველეყო ლაჩინის დერეფანში მთიანი ყარაბაღის მიმართულებით და იქიდან მომავალ გზაზე გადაადგილების თავისუფლება. გასული წლის დეკემბერში კი ორივე მხარეს მოუწოდა, შეეკავებინათ თავი ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რაც მათ შორის კონფლიქტს გაამწვავებდა.

გასულ თვეში აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის შედეგადაც 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს.

ჰააგის სასამართლო გაეროს სასამართლოა, რომელიც ქვეყანათაშორის დავებს განიხილავს. მისი ბრძანებების შესრულება სავალდებულოა, თუმცა სასამართლოს მათი პირდაპირი აღსრულების მექანიზმები არ გააჩნია.

XS
SM
MD
LG