Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს 2 ნოტარიუსი, რომლებიც იპოთეკაზე ხელშეკრულების დადებისას კლიენტებს ატყუებდნენ - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს


საილუსტრაციო ფოტო: თბილისი, საცხოვრებელი კორპუსები
საილუსტრაციო ფოტო: თბილისი, საცხოვრებელი კორპუსები

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარებისთვის დააკავეს სამი ადამიანი: ორი ნოტარიუსი და ერთი ნოტარიუსის თანაშემწე. საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები ეხმარებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინის დაგირავებას სთავაზობდნენ.

"ბრალდებულებმა დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, დაზარალებულთა საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, მოტყუებით სესხის ხელშეკრულებები გაუფორმეს. ნოტარიუსები თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუსების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლნენ 94 დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 2 686 700 ლარს.

დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - პროკურატურა სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას სთხოვს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ", მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფისთვის დახმარების კვალიფიკაციით.

XS
SM
MD
LG