Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცივილიზებული ანტისემიტიზმი“ ევროპულად


რეჟისორ მარკო ბელოკიოს ფილმი „გატაცებული“, იტალია, 2023.
რეჟისორ მარკო ბელოკიოს ფილმი „გატაცებული“, იტალია, 2023.

„გატაცებული“ (2023, იტალია, რეჟისორი მარკო ბელოკიო)

ომს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაემთხვა წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის, მარკო ბელოკიოს „გატაცებულის“ განთავსება ინტერნეტში. წლევანდელ კანის ფესტივალზე ჟიურიმ აშკარად დაჩაგრა იტალიური კინოს ვეტერანი. ვფიქრობ, მოტყუვდა „გატაცებულის“ აკადემიზმით და ვერ დააფასა 83 წლის, მაგრამ მართლაც რომ მარად ახალგაზრდა რეჟისორის რადიკალიზმი, რომელიც განსაკუთრებით ფილმის მეორე ნაწილში იგრძნობა. მაგრამ დღეს, როცა ანტისემიტიზმის ისტორიაზე, მის ბუნებაზე, ჰოლოკოსტის სათავეებზე ისევ მსჯელობს ხალხი, ბელოკიოს ფილმი სულ სხვაგვარად შეიძლება აღვიქვათ.

მარკო ბელოკიო გვახსენებს რეალურ ამბავს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში მოხდა იტალიაში. ედგარდო მორტარა, ბოლონიელი ებრაელი, 2 წლის იყო, როცა ავად გახდა. მოსამსახურე ქალმა, კათოლიკემ, იმ მოტივით, რომ ბავშვის სულს ჯოჯოხეთისგან იხსნიდა, ედგარდო საიდუმლოდ მონათლა. 4 წელი გავიდა. ებრაელი ბიჭის „მორჯულების“ ამბავმა კათოლიკურ ეკლესიამდე მიაღწია... წესი მოითხოვდა, კათოლიკე ბავშვი აღეზარდათ „კათოლიკურად“, ამიტომ მორტარა ებრაულ ოჯახს უნდა მოეწყვიტათ. თუკი მშობლები ეკლესიას წინააღმდეგობას გაუწევდნენ, პაპის ჯარისკაცებს სრული უფლება ჰქონდათ ბავშვი გაეტაცათ.

2016 წელს ედგარდო მორტარას ისტორიით სტივენ სპილბერგი დაინტერესდა, თუმცა პროექტი განუხორციელებელი დარჩა. სპილბერგი წერდა, რომ ამბავი, რომელიც მოგვიანებით საერთაშორისო სკანდალში გადაიზარდა, საფუძვლიან შესწავლას, პირველ რიგში, ისტორიული დოკუმენტების გაცნობას მოითხოვდა, რისი დროც, როგორც ჩანს, ჰოლივუდელმა მაესტრომ ვერ გამონახა. უკვე იმხანად იტალიის კინემატოგრაფიულ წრეებში გაიხსენეს რეჟისორი, რომლის შემოქმედებაში ძალაუფლების ბუნების კვლევა ყოველთვის მთავარი იყო - მარკო ბელოკიო. აბა, სხვა ვინ, თუ არა ბელოკიო, რომლის ანტიკლერიკალურ ფილმებში რელიგია მასების მართვის იარაღია, შეძლებდა ამ სიუჟეტზე კარგი ფილმის გადაღებას.

თავის გვიანდელ ფილმებში მარკო ბელოკიო მუდმივად აკრიტიკებს კათოლიკურ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს და, ამავე დროს, ყოველთვის ინარჩუნებს პატივისცემას მორწმუნეების მიმართ. უამრავი ადამიანია, ვისთვისაც ეკლესია საკუთარი, წმინდა კონფორმისტული მიზნების განხორციელების საშუალებაა. მათთან ბელოკიო დაუნდობელია და მკაცრი, თუმცა არცერთ თავის ფილმში არ ამბობს უარს ქრისტიანულ იკონოგრაფიაზე, კათოლიციზმზე, როგორც კულტურის ფენომენზე. ეს შესამჩნევი წინააღმდეგობა განსაზღვრავს ბელოკიოს გვიანდელი ფილმების ჟანრსაც. დრამატული და ირონიული მასთან მუდმივად გადაჯაჭვულია. ირონია, ზოგჯერ ცინიზმიც კი, ეხმარება გადალახოს პათეტიკურობა და ემოციური მანიპულაციები მაშინ, როცა ძალიან სერიოზულ, მტკივნეულ თემებს ეხება. ამ მხრივ „გატაცებულის“ ყველაზე საინტერესო სახეა პაპი პიუს IX , რომელმაც ედგარდო მორტარა იშვილა. უცნაურიცაა, როგორ ახერხებს ამ როლის შემსრულებელი პაოლო პირებონი, გროტესკი არ გადააქციოს კარიკატურად და დაიცვას თავი იაფფასიანი სატირისგან. სხვათა შორის, კარიკატურები მართლაც ჩართულია ფილმში, მაგრამ ირონიისთვის ყოველთვის ზედმიწევნით ზუსტადაა გამონახული ადგილი. ეს სიზუსტე და ფორმის შესანიშნავი ფლობა ეხმარება ავტორს, ბუნებრივად გაერთიანდეს, მაგალითად, გარდამოხსნის შთამბეჭდავი ეპიზოდი (მიკვირს, რომ ბელოკიომ აქამდე არ მიმართა სახარების ეკრანიზაციას) პაპის სასაცილო სიზმართან (მას ებრაელები წინადაცვეთას უპირებენ). სიზმარი აცინებს მაყურებელს, თორემ პაპისთვის სრული კოშმარია, შეიძლება ითქვას, „ქვეცნობიერის პასუხია“ ფაქტობრივად ტერორისტულ აქტზე, რომელსაც პაპის ჯარისკაცები უწყობენ ებრაულ ოჯახს.

პაპის როლის შემსრულებელი კარგი მსახიობია, მაგრამ მარკო ბელოკიოს ფილმის ცენტრალური ფიგურა მაინც მამაა, ფაუსტო რუსო ალეზის შესრულებით. წესით, წლევანდელი კანის ფესტივალის ჟიურის „პალმით“ სწორედ ეს მსახიობი უნდა დაეჯილდოებინა - კაცის ამაზე დასამახსოვრებელი როლი ფესტივალის არცერთ საკონკურსო ფილმში არ ყოფილა.

ბავშვის გატაცების შემდეგ მშობლები, ბუნებრივია, იწყებენ ბრძოლას წართმეული შვილის დასაბრუნებლად. მამა მალევე ხვდება, რომ მხოლოდ ოჯახი ვერას გახდება ძლევამოსილ ეკლესიასთან დაპირისპირებაში. ოჯახი იშლება, მაგრამ ებრაელი ხალხი ერთიანდება - პირადი დრამა გადაიზრდება პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ფაქტობრივად მთელ ევროპას მოედება. ფაუსტო რუსო ალეზის პერსონაჟი პროტესტის ამ დინამიკას განასახიერებს. ჩვენ მოწმენი ვხვდებით ადამიანის სახის მართლაც რომ გრანდიოზული ევოლუციისა, რომელიც ნიუანსებზე იგება და ევროპული ანტისემიტიზმის ყველა მსხვერპლის კრებითი სახე ხდება.

„გატაცებულს“, მიუხედავად იმისა, რომ ერთ კონკრეტულ ფაქტს ეძღვნება და პირადად ჩემთვის აქამდე უცნობ ისტორიას აღადგენს (არსებითად „ომს“ იუდეველებს და კათოლიკებს შორის), მაინც ვერ უწოდებ „ისტორიულ ფილმს“... კი, კონკრეტიკა შენარჩუნებულია, მე-19 საუკუნის იტალიის ატმოსფერო ზედმიწევნით ზუსტად გამოხატული, მაგრამ ბელოკიო მაინც ბელოკიოდ რჩება და აქაც თავისი ფილმების მუდმივი თემის ერთგულია - გველაპარაკება „საკუთარ რწმენაზე“ მოქცევის ძალადობრივ მექანიზმებზე, სწორედაც რომ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, „ტვინის გამორეცხვაზე“. ასეთი ძალადობის მსხვერპლი გახდება ედგარდო მორტარა. აკადემიზმით შენიღბული ფილმი, რომლის სახვითი გადაწყვეტა კლასიკური ფერწერის სურათებს გაგახსენებთ (მკვეთრად კონტრასტული შუქ-ჩრდილებით), ნელ-ნელა გადაიზრდება სიურრეალისტურ სიგიჟეში სწორედაც რომ იმის საჩვენებლად, თუ როგორ კლავს „კოლექტიური ტვინი“ აზროვნებას, შემოქმედებას, საერთოდ, სიცოცხლეს, როგორ შეიძლება რელიგიამ დაყოს, გამოაცალკეოს, მოიტაცოს. იმის მაგივრად, რომ გააერთიანოს ეს ჩვენი ისედაც დაშლილი სამყარო.

იტალიური კინოს ცოცხალი კლასიკოსის რადიკალიზმი კი იმ უიმედობაში იხატება, რომლითაც სრულდება „გატაცებული“... საბოლოოდ ჩვენ ვიხილავთ მონობით კმაყოფილ ადამიანს, რომელიც არა მარტო ყველაზე ძვირფას ადამიანებს მოსტაცეს, არამედ სრულიად ჩაკლეს მასში თავისუფლების სიყვარული.

ნუ დაელოდებით ავტორისგან დაიმედებას. „გატაცებული“ ერთ-ერთი ყველაზე პესიმისტური ფილმია, რომელიც ბოლო დროს მინახავს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG