Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ზელენსკის კოლეგა და თანამებრძოლი სერგეი სივოხო


2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს სივოხომ მხარი ზელენსკის დაუჭირა
2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს სივოხომ მხარი ზელენსკის დაუჭირა

გერმანიის საავადმყოფოში გარდაიცვალა უკრაინელი მსახიობი, პროდიუსერი, პოლიტიკოსი და ვოლოდიმირ ზელენსკის თანამოაზრე სერგეი სივოხო. 54 წლის სივოხოს გარდაცვალების მიზეზად ფილტვების ქრონიკული დაავადება სახელდება.

სივოხო დონეცკში სტუდენტობის დროს თამაშობდა ადგილობრივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის "მხიარულთა და საზრიანთა კლუბში" (ე.წ. КВН). იქვე გაიცნო ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მოგვიანებით სივოხო პროდიუსერად მუშაობდა ზელენსკის მიერ დაარსებულ სტუდია „კვარტალ 95-ში".

2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, სივოხომ მხარი დაუჭირა ზელენსკის. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი წარდგენილი იყო სახალხო დეპუტატობის კანდიდატად საპრეზიდენტო პარტია "ხალხის მსახურიდან", მაგრამ დამარცხდა.

  • 2019 წლის ოქტომბერში სივოხო გახდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მრჩეველი დონბასის რეინტეგრაციის საკითხებში. მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე უკრაინულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამავე პერიოდში მან დაიწყო "შერიგებისა და ერთიანობის ეროვნული პლატფორმის" შექმნა, რომელიც უნდა გამხდარიყო პლატფორმა კიევსა და დონბასს შორის დიალოგის დამყარებისთვის.
  • 2020 წლის მარტში უკრაინელმა ნაციონალისტებმა ჩაშალეს პროექტის პრეზენტაცია კიევში. აქტივისტების რისხვა, რომელთა შორის იყვნენ პოლკ „აზოვის“ვეტერანები, გამოწვეული იყო სივოხოს ერთი ფრაზით. პოლიტიკოსმა რუსულ აგრესიას დონბასში უწოდა"შიდა კონფლიქტი". ამის გამო „ნაციონალურმა კორპუსმა“ მოითხოვა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა ღალატისთვის.
  • ინციდენტის შემდეგ სივოხომ დატოვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მრჩევლის თანამდებობა.
XS
SM
MD
LG